მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამნისტიის კანონპროექტი გიორგი რურუას შეეხოს
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამნისტიის კანონპროექტი გიორგი რურუას შეეხოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, ამნისტიის ახალი კანონპროექტი გიორგი რურუას შეეხოს.

კითხვაზე, ე.წ. პოლიტპატიმრებს, რომლებზეც ოპოზიციას საუბრობს, მაგალითად, გიორგი რურუას, შეეხება თუ არა ამნისტია, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა:

„ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრის არსებობის თაობაზე  ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამის გავრცელებას, უმჯობესი იქნება, ამაზე მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს შეეხოს იმ პირებს, ვისზეც თქვენ სვამდით კითხვას“.

საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა.