მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ ითვალისწინებს იმ მუხლს, რომლითაც დავით გარეჯის თემაზე გამოძიება მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ ითვალისწინებს იმ მუხლს, რომლითაც დავით გარეჯის თემაზე გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, ამნისტიის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, არ არის გათვალისწინებული ის მუხლი, რომლითაც დავით გარეჯის თემაზე გამოძიება მიმდინარეობს.

აღნიშნული კომენტარით სარჯველაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „არის თუ არა პროექტში სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც მოიცავს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულს. ეს შეეხება თუ არა ე.წ. გარეჯის თემაზე დაკავებულ ადამიანებს“.

„რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, რა მუხლითაც მიმდინარეობს გამოძიება, იმ მუხლთან დაკავშირებით ამნისტიაში არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, აქ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ეს მუხლი გათვალისწინებული არ გახლავთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლებას, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.