მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

13:51, 10.07.2026

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძესა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს შეხვდა.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონის მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„მათ შორის იყო ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის მშენებლობის საკითხი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელებით შეიქმნება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მძლავრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, ამასთანავე, გაუმჯობესდება სამედიცინო პერსონალისთვის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობა.

მხარეებმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილების მშენებლობაზეც ისაუბრეს, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება და რეგიონში პედიატრიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და ადგილზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება სამინისტროსთვის პრიორიტეტული საკითხია. მინისტრის განცხადებით, ეს რეგიონში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის, რაც პირდაპირ აისახება პაციენტთა კეთილდღეობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვა პროგრამებიც, ასევე მათი გაფართოების პერსპექტივები. მხარეებმა ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი