მიხეილ სარჯველაძე - 5 ივლისამდე მცირე დროა დარჩენილი, რის გამოც ამ პერიოდში შს მინისტრის პარლამენტში დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია
მიხეილ სარჯველაძე - 5 ივლისამდე მცირე დროა დარჩენილი, რის გამოც ამ პერიოდში შს მინისტრის პარლამენტში დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია

ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების საფუძველი სამწუხაროდ, ცოტა გვიან დაზუსტდა. თავდაპირველად ფრაქციამ გაუმართავი წერილით მოგვმართა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხუთ ივლისამდე მცირე დროა დარჩენილი, რის გამოც ამ პერიოდში პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია.

სარჯველაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მინისტრის მიწვევის სურვილი 5 ივლისის შემდეგაც თუ ექნებათ, სხდომა შედგება.

„ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების საფუძველი და სურვილი, რასთან დაკავშირებითაც იყო, სამწუხაროდ, ცოტა გვიან დაზუსტდა. თავდაპირველად ფრაქციამ გაუმართავი წერილით მოგვმართა, შემდეგ ხარვეზი გამოასწორეს,წერილი გამართეს, თუმცა 5 ივლისამდე პერიოდი ცოტა პრობლემური იყო. რეგლამენტით განსაზღვრულია პროცედურები, რომელსაც დაცვა სჭირდება. ძალიან მცირე დროა დარჩენილი 5 ივლისამდე. თუ მათი სურვილია შინაგან საქმეთა მინისტრის მხოლოდ 5 ივლისამდე მოწვევა, ეს მართლაც ძალიან რთულია, ამ პერიოდში მოწვევა და დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ 5 ივლისის შემდეგ მათი სურვილი კვლავაც იარსებებს, ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, კონსულტაცია და ეს კომიტეტის სხდომა აუცილებლად შედგება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარლამენტში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, საკანონმდებლო ორგანოში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მივიდეს, რათა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს.