ხათუნა სამნიძე შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, პარლამენტში მივიდეს და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების კითხვებს უპასუხოს
ხათუნა სამნიძე შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, პარლამენტში მივიდეს და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების კითხვებს უპასუხოს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარლამენტში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, საკანონმდებლო ორგანოში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მივიდეს, რათა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს.

ხათუნა სამნიძის თქმით, იმ ფონზე, როცა ისმის კონკრეტული ჯგუფებისგან ძალადობისკენ მოწოდება, მნიშვნელოვანია გარანტიების მიღება, რომ პრაიდის კვირეული და ღირსების მარში უსაფრთხოდ ჩატარდება.

„როგორც იცით, დღეს დაიწყო პრაიდის კვირეული. ვისურვებდი, რომ ეს კვირეული ჩატარდეს მშვიდობიანად, ისე, როგორც შეეფერება ევროპულ ქვეყანას, ქვეყანას, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა თანაბრად სარგებლობს კონსტიტუციური უფლებით, როგორიც არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ, სამწუხაროდ, გვესმის ძალიან მძიმე მუქარის ტექსტები, კონკრეტული ჯგუფებისგან ძალადობისკენ მოწოდება. ასეთ ვითარებაში, ჩვენ დავიბარეთ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, რათა მან უპასუხოს ყველა შეკითხვას და გვქონდეს გარანტია, რომ სწორედ ისე ჩატარდება ეს კვირეული და 5 ივლისს მარში, რომ თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული. სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი, ამით ირღვევა რეგლამენტი, არ ჩანიშნულა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, არაფერს გვეუბნება მინისტრი, რომელსაც აქვს ვალდებულება, ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვთხოვ, ჩანიშნოს კომიტეტი და ვითხოვთ, დაიცვას მინისტრმა რეგლამენტი, მოვიდეს პარლამენტში, გასცეს შეკითხვებზე პასუხი დეპუტატებს, ასევე პრაიდის ორგანიზატორებს, რომლებიც არაერთხელ გამოდიან თხოვნით, ხვდებიან შსს-ს წარმომადგენლებს, რათა მიიღონ გარანტიები, რომ მათი უფლებები, უსაფრთხოება იქნება დაცული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ მინისტრს, გამოცხადდეს პარლამენტში, როგორც ამას ითხოვს კანონი და გვიპასუხოს, როგორ აპირებს შსს ადამიანების დაცვას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, „თბილისი პრაიდის“ გამგეობის თავმჯდომარის, ლელა ცისკარიშვილის თქმით, ის მიესალმება, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი კომიტეტზე გამოცხადდება.

მისივე განმარტებით, ასევე მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომ ძალადობისგან ყველა დაცული უნდა იყოს.

„პირველ რიგში, ყველას გილოცავთ პრაიდ-კვირეულის დაწყებას. მე, როგორც „თბილისი პრაიდის“ გამგეობის თავმჯდომარე, შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით მიმდინარეობს მუშა შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები არის, თუმცა მეტი ღიაობა და საჯაროობა იქნება მისასალმებელი და ბატონი მინისტრი რომ მობრძანდეს კომიტეტზე, მივესალმებით. ასევე, მივესალმებით იმ განცხადებებს, რომლებიც დღეს გაკეთდა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ყველა უნდა იყოს დაცული ძალადობისგან და გამოხატვის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. ვიმედოვნებთ, წელს, ყველა ერთობლივად შევძლებთ, რომ მშვიდობიანად და სადღესასწაულოდ ჩავატაროთ პრაიდ-კვირეული“, – აღნიშნა ლელა ცისკარიშვილმა.