მიხეილ სალუაშვილი - პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მირაჟია, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დამატებითი სახსრები მოეპოვებინა, ეს წესი უნდა გაუქმდეს
მიხეილ სალუაშვილი - პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მირაჟია, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დამატებითი სახსრები მოეპოვებინა, ეს წესი უნდა გაუქმდეს

ჩვენ ორნაწილიან საარჩევნო პროგრამაზე დაყრდნობით, მინდა, ამომრჩეველს გავუზიარო ის, რაც ვიცი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„პირველი – ვიცი, რომ დამდგარია მესიის მეორედ მოსვლის წინარე ბოლო ჟამი; მეორე – ვიცი, რომ ბიბლიაში არსებული, ამ ბოლო ჟამთან დაკავშირებული ნიშნების უმრავლესობაში მოცემულია საქართველოს დღევანდელი ისტორია; მესამე – ვიცი, რომ საქართველოს სულიერი მისია სწორედ დამდგარი ბოლო ჟამის დამოწმებაში მდგომარეობს. შესაბამისად, ვიცი, ამ დროში რა პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხებით უნდა იყოს დაკავებული პრეზიდენტი. მზად ვარ, ჩვენს ერს და ამომრჩეველს ამ მიმართულებით ვემსახურო და გავუზიარო ჩვენი ცოდნა და ხედვა, რაც ამ ჩამოთვლი პრობლემების რეალიზებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა მიხეილ სალუაშვილმა ამომრჩევლისთვის თავის წარდგენისას, რისთვისაც კანდიდატებს გადაცემაში თითო-თითო წუთი დაეთმოთ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს პრეზიდენტობის კანდიდატი პრეზიდენტის შემცირებულ უფლებამოსილებას და იმას, რომ ამის შემდეგ, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული, მიხეილ სალუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი შუამავალი უნდა იყოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ შტოებს შორის, რომლებიც დღეს ისედაც შეთანხმებულად მოქმედებენ და მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტი გამოვა ინიციატივით, რათა შეიქმნას გარკვეული საკითხების ირგვლივ გაერთიანებული მოქალაქეთა ჯგუფების მიერ წამოწეულ პრობლემებზე მომუშავე, პრეზიდენტის ინსტიტუტთან არსებული სპეციალური კომისიები.

„იმ შეკვეცილი უფლებების ფონზე, რაც დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტის, როგორც შუამავალის როლი ამ ჯგუფებსა და საკანონმდებლო, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა სალუაშვილმა.

მისი თქმით, მათი წინადადებაა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას მრჩეველთა საბჭო, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატები გაერთიანდებიან და ახალ ინიციატივებს წარმოადგენენ, რათა მათი ხედვები არ დაიკარგოს.

მიხეილ სალუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მირაჟია, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დამატებითი სახსრები მოეპოვებინა და ეს წესი უნდა გაუქმდეს.

„პარტიების დაფინანსების წესი 2008 წელს იქნა შემოღებული და ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღემდე, პარტიების დაფინანებისთვის 114 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 30% „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს წესი საბიუჯეტო თანხებში ხელის ფათურისთვის შემოიღო“, – განაცხადა მიხეილ სალუაშვილმა.