მიხეილ სააკაშვილმა ბორისპოლის აეროპორტში ქართველი ჟურნალისტის კითხვები უპასუხოდ დატოვა [ვიდეო]

ბორისპოლის აეროპორტში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის კითხვები უპასუხოდ დატოვა.

კერძოდ, ჟურნალისტმა კითხვები დაუსვა მის სამომავლო გეგმებთან და მაიამიში შეძენილ სახლთან დაკავშირებით. ამასთან, კითხვაზე, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ მხარდამჭერებს ჰპირდება საქართველოში დაბრუნებას და რატომ არ ბრუნდება, სააკაშვილმა ეს კითხვაც უპასუხოდ დატოვა.

მიხეილ სააკშვილთან მყოფმა თანმხლებმა პირებმა ჟურნალისტებს მასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. პრეზიდენტის დადგენილება მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.