მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა დაიკითხება
მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა დაიკითხება

​დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სისხლის სამართლის საქმის განხილვა მთავარი აუდიტორის, ნოდარ ვეკუას დაკითხვით გრძელდება.

დაკითხვას დაცვის მხარე ჯვარედინი წესით აგრძელებს, რის შემდეგაც ბრალდების მხარე მოწმეს პირდაპირი წესით დაკითხავს, რითაც მთავარი აუდიტორის გამოკითხვა სასამართლოში დასრულდება.

საქმის პროკურორის, ქეთევან ჩაჩავას განცხადებით მოწმე კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ გაწეული ხარჯები არამიზნობრივი იყო.

„დაკითხვა შეეხება დასკვნას, რომელიც გაცემული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ. აუდიტის ჯგუფის მიერ შემოწმდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 26 თებერვლამდე გაწეული ხარჯი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კუთხით და დასკვნით დადგინდა, რომ ეს იყო არამიზნობრივი ხარჯი“, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

დაცვის მხარის ადვოკატის, დავით კაკოიშვილის განცხადებით, საქმე არის მთლიანად ჩამოშლილი და არანაირი საფუძველი და მტკიცებულებები არ აქვს ბრალდების მხარეს.

„მოწმე ვერ ადასტურებს იმ გარემოებებს, რომელიც მას დასკვნაში აქვს აღწერილი, კერძოდ ის რომ არამიზნობრივი იყო ხარჯები. ჩვენს კითხვებს თავს არიდებს და ვერ გვცემს პასუხებს, რომელიც ჩვენთვის საინტერესო და საქმისთვის მნიშვნელოვანია. რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს ბრალდების მხარეს არის მათი და სასამართლოს შეხმატკბილებული ქმედება და სასამართლოს დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხულია გამამტყუნებელ განაჩენზე ვისაუბროთ“, – განაცხადა დავით კაკოიშვილმა.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება.