მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ორთოპედი, ტრავმატოლოგი ჯეიმს კობი დაიკითხა
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ორთოპედი, ტრავმატოლოგი ჯეიმს კობი დაიკითხა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ორთოპედმა, ტრავმატოლოგმა ჯეიმს კობმა დაკითხვისას განაცხადა, რომ სააკაშვილი მას ესაუბრა ტრავმების შესახებ, რომლებიც მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას მიიღო.

„მან მითხრა, რომ ჩაავლეს ხელი მხრების მიდამოში, კისერში და ასე მიჰყავდათ. როგორც აღნიშნა, საკმაოდ დიდხანს ატარებდნენ ასე, კისრით და მხრებით ეჭირათ. მიაჩნია, რომ ამან გამოიწვია ტრავმები. ჩემი კვლევის შედეგად, შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ პრობლემები, რომლებიც კისრის მიდამოში აღმოვაჩინეთ, სწორედ ამ დაზიანების შედეგია და შემდეგ ამას მოჰყვა ართრიტი. ვგულისხმობ ართრიტს ზურგის მიდამოში, ასევე ვგულისხმობ მხრის ართრიტს და ართრიტს მენჯ-ბარძაყის სახსრებში“, – განაცხადა ჯეიმს კობმა.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კითხვაზე, ხომ არაფერი უთქვამს მიხეილ სააკაშვილს სხვა ტრავმების შესახებაც, ჯეიმს კობმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ მიღებული ჰქონდა დაზიანება მარჯვენა სახსრის მიდამოში. „მან აღნიშნა რამდენიმე წლის წინ მიღებული დაზიანება მარჯვენა მხრის სახსრის მიდამოში, რომელიც კარგად ნამკურნალევი იყო“, – აღნიშნა ჯეიმს კობმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობს ექსპერტი დასკვნაში ელექტროშოკერის სავარაუდო გამოყენებაზე, ჯეიმს კობმა განაცხადა:

„კვლევისას არ მინახავს, რომ დაზიანება უშუალოდ ელექტროშოკერის მიერ იყოს გამოწვეული, თუმცა ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში ნანახი მაქვს, რომ ელექტროშოკის გამოყენების დროს, მათ შორის წამების შემდეგ, პაციენტებს ამ ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ“, – განაცხადა ჯეიმს კობმა.

ექსპერტს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ასევე მიმართა კითხვით, იცოდა თუ არა, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში ელექტროშოკური მოწყობილობა სპეციალური მოწყობილობების ჩამონათვალიდან ათ წელზე მეტია, ამოღებულია: „არ ვიცი, რა ხდება საპატიმრო დაწესებულებებში, თუმცა მინახავს, რომ ელექტროშოკერები ამ ტიპის დაზიენებებს იწვევენ. დაზიანებაში ვგულისხმობ დისლოკაციას. ძალიან ბევრი პაციენტი მინახავს, რომელსაც განუვითარდათ მხრის სახსრის დისლოკაცია ელექტროშოკერის გამოყენების შემდეგ. როგორც წესი, ჩვეულებრივ, ეს არის ხოლმე უკანა ამოვარდნილობა“, – განაცხადა ჯეიმს კობმა.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, რეპოზიცია სპონტანურად მომხდარიყო, ჯეიმს კობმა აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს. „ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს უკანა ამოვარდნილობა, დისლოკაცია, ამით ცხოვრობენ და ძალიან იტანჯებიან, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სპონტანურად მისი რეპოზიცია ხდება“, – განაცხადა კობმა.

ორთოპედ-ტრავმატოლოგმა კითხვის საპასუხოდ ასევე აღნიშნა, რომ არ შეუძლია დაზუსტებით თქვას, სააკაშვილს ახლა აქვს თუ არა ამოვარდნილობა, რადგან ამას სჭირდება რენდგენი და შესაბამისი კვლევა. „არ შემიძლია, ზუსტად გითხრათ, ახლა აქვს თუ არა, ამას სჭირდება ბოლო პერიოდის რენდგენი, ასევე „ემერაი“, თუმცა კუნთების რიგითობა ამაზე მიუთითებს“, – განაცხადა ჯეიმს კობმა.

ასევე, სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი დაინტერესდა, ჯეიმს კობმა რაზე დაყრდნობით გააკეთა დასკვნაში ჩანაწერი სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით, რას ეყრდნობოდა მისი ვარაუდი.

„ჩემს პრაქტიკაში როდესაც ვხვდები წამების მსხვერპლთ, რომლებსაც უვითარდებათ ამ ტიპის პათოლოგიები, ვიცი, რომ კონკრეტული სახის წამება ამ ტიპის დაზინებას იწვევს. ამ შემთხვევაში, ვნახე ჩანაჭდევი, ასევე ღარი, რომელიც როგორც წესი, ვითარდება ხოლმე უკანა დისლოკაციის დროს. შეიძლება იყოს ჰილ-საქსის დაზიანება, მაგრამ „ემერაიას“ ნახვის გარეშე, ამის ზუსტად დადგენის საშუალება არ მაქვს“, – განაცხადა ჯეიმს კობმა.

სასამართლო პროცესზე ჯეიმს კობმა უპასუხა კიდევ ერთ კითხვას, რამდენად შეუძლია ადამიანს ამოვარდნილი კიდურის თავისუფლად გამოყენება დაზიანების მიღებიდან რამდენიმე წუთში. ჯეიმს კობის თქმით, გარკვეული ამპლიტუდის ფარგლებში მხრის სახსარის მოძრაობა შესაძლებელია. „დისლოკაცია როდესაც არის კლინიკურად გამოხატული მხრის კუნთების რიგითობით, ამ შემთხვევაში, პაციენტს გარკვეული ამპლიტუდის ფარგლებში შეუძლია მხრის სახსარში მოძრაობა“, – განაცხადა ჯეიმს კობმა.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ექსპერტს კითხვა დაუსვა, შესაძლებელია თუ არა ამოვარდნილობის შემთხვევაში სამედიცინო აპარატურის გადმოგდება ან ადამიანისთვის ხელის დარტყმა, რაზეც ჯეიმს კობმა აღნიშნა, რომ ამ დროს მოძრაობა შეზღუდულია“. „როგორც წესი, ამ დროს მხარი არის ხოლმე ძალიან სუსტი და მოძრაობა შეზღუდულია“.

ასევე, ჯეიმს კობის განცხადებით, მას სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის კადრები ნანახი აქვს. „ვიდეო ნანახი მაქვს. ამ ვიდეოს საფუძველზე, არ შემიძლია, გითხრათ, რა მდგომარეობაში იყო მისი მხრის სახსარი. მისი მხრის სახსრის მდგომარეობა იყო ნორმალური გადაყვანამდე და დაზიანებები აღმოჩნდა გადაყვანის შემდეგ, ამას ვამბობ იმ შემთხვევაში, თუ არ იყო კრუნჩხვები და მან არ გამოიწვია“, – განაცხადა ჯეიმს კობმა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ჯეიმს კობს ასევე მიმართა, მოხსნის თუ არა დიაგნოზს ამოვარდნილობის შესახებ, ვინაიდან ობიექტური კვლევების საფუძველზე, მხრის ამოვარდნილობა არ დასტურდება.

ჯეიმს კობის განცხადებით, დიაგნოზის მოხსნას არ აპირებს, რადგან ამისი საფუძველი არ აქვს.

„არ მაქვს საფუძველი საიმისო, რომ დიაგნოზი მოვხსნა, რამდენადაც მხრის კუნთების რიგითობა არის მკვეთრად გამოხატული, მტკივნეულია და შეიძლება, ეს იყოს ართრიტის ან დისლოკაციის შედეგი. პირველად რომ ვნახე რენდგენის სურათი, იმის მიხედვით არ შემეძლო, მეთქვა, ამოვარდნილობა იყო თუ არა. დიაგნოზი დავსვი იმის ბაზაზე, რომ იყო ტკივილი მხრის მიდამოში, რამაც დამაეჭვა, შესაძლებელი იყო, ყოფილიყო უკანა დისლოკაცია“, – განაცხადა ჯეიმს კობმა.