მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომელი, მორიგე ექთანი დაიკითხა
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომელი, მორიგე ექთანი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისთვის მიმდინარე პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომელი, მორიგე ექთანი ნონა პანტიაშვილი დაიკითხა.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა „ვივამედის“ თანამშრომელს კითხვით მიმართა, როგორ გაიგო იმის შესახებ, რომ მოწმის სახით სასამართლოში იყო დაბარებული.

„შემატყობინა შალვა ხაჭაპურიძემ. წინა სხდომაზეც ვიყავი დაბარებული. ვიყავი მორიგე და ადმინისტრაციას ვთხოვე, რამდენიმე საათით გავეშვი. ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გამოვედი. როდესაც მოვედი, ბატონმა შალვამ თქვა, რომ ჩემი დაკითხვა ამ დღეს არ მოესწრებოდა. ისევ სამსახურში დავბრუნდი“, – განაცხადა ნონა პანტიაშვილმა.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნონა პანტიაშვილს განუმარტა, რომ უფრო ადრინდელ პერიოდთან დაკავშირებით უსვამდა შეკითხვას და უთხრა, გაეხსენებინა ფაქტი, როდესაც მოხდა მისი ინფორმირება, რომ მოწმის სახით სასამართლოში იყო დაბარებული. ასევე, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი დაინტერესდა, არასამუშაო დროს ხომ არ დაუძახეს და უთხრეს, რომ უნდა დაკითხულიყო.

„მორიგეობის შემდეგ დამიძახეს და მითხრეს, რომ უნდა დავიკითხო. კი ბატონო, არასამუშაო დროს. მორიგეობა დამთავრებული მქონდა. 09:30 საათზე ვამთავრებთ მორიგეობას და ამ დროს სადღაც 12:00 საათი იყო“, – განაცხადა „ვივამედის“ თანამშრომელმა.

ამასთან, სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ნონა პანტიაშვილს კითხვა დაუსვა, ვინ დაუძახა მას.

„ბატონმა მიხეილმა დამიძახა პალატაში, შემოვედი და მითხარით, რომ უნდა დავიკითხო“, – მიმართა პანტიაშვილმა ხაჭაპურიძეს.

ხაჭაპურიძემ „ვივამედის“ თანამშრომელს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: იქ გითხარით, რომ დასაჭერთა სიაში ხართ შესაყვანი? პოსტი გავრცელდა, ამაზე ჩვენ მოსამართლეც ჩავაყენეთ საქმის კურსში. ჩემი მხრიდან თქვენზე რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი? დაგემუქრეთ? – რაზეც „ვივამედის“ თანამშრომელმა განაცხადა, რომ მუქარა არ მომხდარა. „არა, თქვენი მხრიდან მუქარა არ ყოფილა“, – განაცხადა პანტიაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ შალვა ხაჭაპურიძემ ნონა პანტიაშვილს კიდევ ერთი კითხვით მიმართა, იყო თუ არა მუქარა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რაზეც „ვივამედის“ თანამშრომელმა განაცხადა, რომ მუქარა არც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ყოფილა. „მუქარა არ ყოფილა“, – განაცხადა პანტიაშვილმა.

სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი დაინტერესდა, რას გულისხმობდა „ვივამედის“ თანამშრომელი მუქარის არარსებობაში, რის პასუხადაც ნონა პანტიაშვილმა აღნიშნა: „რომ აცხადებდნენ ტელევიზორში, სიაში უნდა შეიყვანონ და რაღაც, ეს ყველაფერი ალბათ იქიდანაც წამოვიდოდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ვმუშაობთ ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა „ვივამედის“ თანამშრომელმა.

აღნიშნულის შემდეგ პროცესზე ნონა პანტიაშვილს მოსამართლემ მიმართა: ვინ გითხრათ? რამდენადაც მივხვდი, იქ სამნი იყავით სულ. თუ ბატონი შალვა არა, მაშინ ბატონი მიხეილი რჩება. ანუ მსგავსს საერთოდ არ ჰქონია ადგილი? ამას გეკითხებიან და თუ არ შეგიძლიათ, ნუ გვიპასუხებთ, – რაზეც „ვივამედის თანამშრომელმა განაცხადა: „კი ბატონო, შევეშვათ ამ შეკითხვას“.

ამასთან, როგორც ექთანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად წევს და გადაადგილება შეუძლია სპეციალური გადაადგილების საშუალებით.

სასჯელაღსრულებლის წარმომადგენლის კითხვაზე, შეუძლია თუ არა პაციენტს პირის დაბანა, კბილის გახეხვა, ექთანმა აღნიშნა: „კი ბატონო“.