მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

ბრალდების მხარე ნარიმანიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც შეეხება ნარიმანიძის ადვოკატებს, ისინი ნარიმანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატიული სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

გიორგი ნარიმანიძეს ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის აქვს წარდგენილი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.