მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი - მიშა ვარდით მოვიდა და ისევ ვარდით უნდა მივიღოთ, ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ [ვიდეო]

ეს ვარდი მიშას უნდა გადავცე, ვარდით მოვიდა და ისევ ვარდით უნდა მივიღოთ, ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდაჭერმა რომში სააკაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შესახვედრად ემიგრანტები იტალიის ყველა ქალაქიდან შეიკრიბნენ.

„ემიგრანტები იტალიის ყველა ქალაქიდან შევიკრიბეთ, რომ მოვეფეროთ. დღეს განიხილავს, რა საკითხებს შემოგვთავაზებს მასთან ერთად საქართველოში. ყველანაირ წარმატებას ველოდებით, სიკეთეს ველოდებით, ფაქტი სახეზეა, რომ საქართველოში ყველაფერი ძირს დაემხო. საქართველოში უკვე ადამიანი ქართველი აღარ დარჩა“, – განაცხადა სააკაშვილის მხარდამჭერმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ემიგრანტები რომში იკრიბებიან.

მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრა რომში, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმროში „პალაცო ნაიადო“ გაიმართება.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.