მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სასამართლომ ორივე მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სასამართლომ ორივე მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ორივე მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

მოსამართლემ განაცხადა, რომ მტკიცებულებების ნუსხა, რაც მხარეებმა წარმოადგინეს, დასაშვებია.

საქმე არსებით განსახილველად გადაიცემა, თუმცა, მანამდე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს კიდევ ერთი შუამდგომლობა აქვს. ადვოკატი ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება აღუდგეს.

„მოგმართავთ შუამდგომლობით, აღუდგინოთ მიხეილ სააკაშვილს მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება. მას ჩამორთმეული აქვს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. მტკიცებულებათა ნუსხის დამტკიცების დროს სასამართლომ თქვა, რომ ეს საპროცესო დოკუმენტია. ამიტომ, სასამართლომ ამაზე უნდა იმსჯელოს. მაგალითად, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რადგან კოდექსი არ ითვალისწინებდა ამას. სასამართლოს ვთხოვთ, ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილოთ, რომ აღუდგინოთ სატელეფონო ზარების საშუალება. ჩვენ ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რაც ხდება, წამება, ფსიქოლოგიური ტერორი, თუ მისი სიცოცხლის მოსპობის პირდაპირ გაჟღერებული მოწოდებები ხელისუფლების მხრიდან. მესამედ ჩამოერთვა მას ზარების უფლება, რა არის ამაში პანიკური, რისი ეშინიათ? ალბათ პირდაპირ ეთერებში რომ არ დარეკოს და ხალხს რომ არ მიმართოს?“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.