მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

„აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით ასევე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, რა დროსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და კოლეგას ვითარების გარკვევას დაპირდა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის ელჩის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს.

„საკითხი ძალიან სერიოზულია, მე ვაცნობებ ოფიციალურ კიევს ჩვენი საუბრის შესახებ, ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ჩვენი ურთიერთობების წინაშე არსებული გამოწვევა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს. უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება ყველა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, გახლავთ აგრესიისა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ , – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა.