მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ მისი ხმოვანი შეტყობინება გავრცელდა 
მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ მისი ხმოვანი შეტყობინება გავრცელდა 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე  ცოტა ხნით ადრე ფეისბუქგვერდზე ხმოვანი შეტყობინება გაავრცელა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, შეიძლება დააკავონ, მაგრამ ხალხს მოუწოდებს, რომ ბოლომდე იბრძოლონ.

„მე შეიძლება დამაკავონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.