მიხეილ სააკაშვილი - ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, კუდაბზიკობა და წყენა, გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს
მიხეილ სააკაშვილი - ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, კუდაბზიკობა და წყენა, გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს

ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ამბიციები, კუდაბზიკობა, წყენა, გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს, ნეიტრალურ პლატფორმაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, პოლიტიკოსების ამოცანა ახლა არის გაერთიანება. მისივე განცხადებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს თავისი ძალების გაძლიერებაზე.

„2020 წელსაც მხარს ვუჭერდი ერთიანი სიის შექმნას და ახლაც მხარს ვუჭერ, რომელიც შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, რომელიც მიმართული იქნება ევროპაზე, გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების მერე. ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ამბიციები, კუდაბზიკობა, წყენა, მეც ბევრი მაქვს საპრეტენზიო ხალხთან, ვინც ხელი შეუწყო ამ უბედურების ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ახლა პრეტენზიების დრო არაა, ყველა სწორ მხარეს ვდგავართ. გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს, ნეიტრალურ პლატფორმაზე. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს თავისი ძალების გაძლიერებაზე.

საერთო სია თუ არ გამოვა, მაინც ვითანამშრომლებთ სხვებთან და გვეყოლება ძალიან ძლიერი კანდიდატურები ყველა თანამდებობაზე. მგონია, საერთო სია ამჯერად აუცილებლად გამოვა. არ ვაპირებ დავას არც ჩემს ჯანმრთელობაზე, ახლა ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ არა საკუთარ თავზე. ვუყურებდი ლაკა ხოშტარიას, რომელიც მძიმედაა და მაინც აქციებზე დგას. ზუსტად ის სიმპტომები აქვს, რაც მე მქონდა მოწამვლის შემდეგ. ასეთი ხალხი ბევრი ვართ. არ შემიძლია, თვალებში ჩაგხედოთ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, ჩემი ამბიციები გვერდზე მაქვს გადადებული და ყველაფერს გავაკეთებ ერთიანობისთვის. მინდა, გავიხსენო ღალატის ქრონიკა, რომელიც ახლა მიმდინარეობს – 2 მილიარდი დოლარი დახარჯა 2012 წელს არჩევნებზე რუსეთმა. ამას არავინ მალავს, არჩევნები ჩატარდა რუსების ფულით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.