მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი, ვისაც გისოსებს უკან ჩემი ყოფნა უნდა, არ ესმის, რომ თქვენ შორის მე რომ ვყოფილიყავი, ბევრად ადრე მორჩებოდა ყველაფერი მშვიდობიანად
მე არ დავნებდები, ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო დავიხსნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ახლა არ არის კეკლუცობის, ანგარიშსწორების ან ერთმანეთზე გაკვრით ლაპარაკის დრო. მისივე განცხადებით, „საჭიროა უფრო მეტი მიწოლა, ორგანიზებულობა და ერთიანობა“.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უბედურება დასრულდეს. მე არ ვცნობ არც ამ სასამართლოს, არც გამოძიებას. ბუნებრივია, რომ არ ვცნობ, რადგან ეს არის თეთრი კონვერტების სასამართლო და გამოძიება, მაგრამ მე ვცნობ ქართველ ხალხს და მის სუვერენიტეტს, უკრაინელ ხალხს და მის სუვერენიტეტს, უკრაინის, რომლის ამაყი მოქალაქე ვარ. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. მე ვგმობ ყველანაირ პოლიტიკურ ძალადობას. ცოტაც უნდა გავძლოთ და უფრო მაგრად უნდა მივაწვეთ. ახლა არ არის დრო კეკლუცობის, ურთიერთანგარიშსწორების ან ერთმანეთზე გაკვრით ლაპარაკის და ა.შ. უფრო მეტი მიწოლა, კიდევ მეტი ორგანიზებულობა, კიდევ მეტი ერთიანობა და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ კრიმინალურ სინდიკატს, რომელმაც ხელში ჩაიგდო თითოეული ქართველის ბედი. საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს. დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ყველას, ვინც აგრძელებთ ბრძოლას თბილისის ქუჩებში, ყველგან, სადაც თავისუფლების ბედი წყდება, სადაც იმ იდეალისტების ბედი წყდება, რომელთაც გაბედეს და ჯერ კიდევ თავის დროზე ააფრიალეს დროშა, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და წარმატებული. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული, ყველანი ვიქნებით ამ წარმატების ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „რამდენიმე დღის წინ მთელი ქვეყნის მასშტაბით არნახული საყოველთაო გაფიცვა გაიმართა“.
„მინდა, მივულოცო ყველას, ვინც ძალიან წარმატებით ჩაატარა საყოველთაო გაფიცვა. ეს არის არნახული რამ საქართველოს ისტორიაში. არასდროს ყოფილა საქართველოში ასეთი ღონისძიება. იყო ეროვნული მოძრაობის დროს, მაშინ იყო დიდი ქარხნები და ახლა ამ გაფიცვაში ძალიან ბევრი პატარა და დიდი ობიექტის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ყველა პროფესია უნდა ჩაერთოს. თუნდაც სამედიცინო სფერო. 500 ლარი აქვს ექიმს ხელფასი, ექთანს – 300 ლარი. თქვენ არ უნდა გაიფიცოთ, თუ ასე წყნარად უნდა შეხედოთ? რა გგონიათ, რომ გაიფიცოთ, თქვენს შემცვლელებს ვინმეს იპოვიან ამ ხელფასებზე? რა თქმა უნდა, ვერ იპოვიან და იძულებული იქნებიან მფლობელები და სამინისტრო, თქვენი ინტერესი გაითვალისწინონ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, ძალიან ბევრს არ მოსწონს, როდესაც ხალხს მიმართავს ხოლმე.
„გამაოგნებელი, იცით, რა არის? ის ხალხი, ვინც მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, ამართლებს ჩემს უსამართლო პატიმრობას, თვალებს ხუჭავს ამაზე და ან პირიქით, ამ პატიმრობის კიდევ უფრო დამძიმებას მოითხოვს და კატეგორიულ ალერგიას გამოხატავს იმაზე, რომ მე ჩემი სიტყვა ვთქვი. ეს არ არის გამაოგნებელი და პარადოქსული?! მე არ მინდა, ვინმეს შევუტიო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი სხვადასხვა ცალკე აღებული პოლიტიკოსების. ეს არის ერთობა ჩვენი ხალხის გარშემო. ამ ქმედებებში, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, პრაქტიკულად უკვე დაიბადა ახალი საქართველო. მათ, ვისაც გისოსებს უკან ჩემი ყოფნა უნდათ, არ ესმით, რომ მე რომ ვყოფილიყავი და მქონოდა პატივი, თქვენ შორის ვყოფილიყავი თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის ქუჩებში, დაგეხმარებოდით ბევრად უფრო ადრე და ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა მშვიდობიანად, რადგან მაქვს ალბათ ამის ყველაზე მეტი გამოცდილება. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის გამბედაობის წინაშე და მეც ჩემი თავი გავწირე და გადავდე იმისთვის, რომ საქართველო დადგეს ფეხზე. მე ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებდი საქართველოს მომავალს“, – განაცხადა სააკაშვილმა.