მიხეილ სააკაშვილი - წვრილმანებზე კამათიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე, თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნული ბრძოლა და გამარჯვება
მიხეილ სააკაშვილი - წვრილმანებზე კამათიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე, თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნული ბრძოლა და გამარჯვება

ახლა დრო აღარ არის წვრილმან საკითხებზე კამათის. უნდა გადავიდეთ საქმეზე. ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ხუთპროცენტიან ბარიერს. „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დღეს საქართველოს ძალიან უჭირს.

„მთავარი უბედურება არის ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ არ არის ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ ყველაფრის კეთება,  მთავარია, ის ერთი კაცი იყოს ბედნიერი. მე რომ ანგარიშვალდებული ვიყავი, იმიტომ გადავდექი, რათა ქვეყნის ინტერესები წამომეწია წინ. დღეს საქართველოს ძალიან უჭირს. მაშინ უფრო მეტი ხალხი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა. ახლა დრო აღარ არის წვრილმან საკითხებზე კამათის. უნდა გადავიდეთ საქმეზე. ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ხუთპროცენტიან ბარიერს, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა და გამარჯვება. მინდა, ვთქვა, რა მოხდება ამის შემდეგ, რადგან გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ, რადგან ეს არის არაადამიანური. ჩვენ მთლიანად გავანულებთ სესხებს; მეორე იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება და მესამე იქნება ბიზნესსტიმულირების ფონდის შექმნა. ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას; მეოთხე კანონი იქნება, რომ არ იყოს გადახურდავებები, სპეკულაციები, ხალხი აგზავნის ფულს და ყველა ვალუტა უნდა იქნას გამოყენებული; ასევე, ყველა მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნებათ მათი გამოსყიდვის შეღავათიანი პირობები, ნულზე დავა აგრარული სესხების პროცენტი; შემდეგი კანონი იქნება ამნისტია, სააკაშვილისთვის არ კეთდება ეს. მოსამართლეებო, როცა ასამართლებთ ადამიანს ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის. ამ ადამიანებს უნდა მივცეთ ახალი ცხოვრების დაწყების შანსი. მილიონებს ვინც იპარავს, მათ არავინ ეხება და ჩვენ ეს კარგად ვიცით“, – განაცხადა სააკაშვილმა.