მიხეილ სააკაშვილი - წინა დღეებში მქონდა შესაძლებლობა, ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი, საქართველოს გათავისუფლება ისევ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს
მიხეილ სააკაშვილი - წინა დღეებში მქონდა შესაძლებლობა, ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი, საქართველოს გათავისუფლება ისევ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს

წინა დღეებში მქონდა შესაძლებლობა, ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი, საქართველოს გათავისუფლება ისევ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს გააცნო.

მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდელებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საოლქო კომისიაში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატს მანუჩარ ფიფიას.

„ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ახლა სჩადიან ზუგდიდში და უკვე აპირებენ სენაკშიც, სხვაგანაც არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში, ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად, ნიკა მელიასა და სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენს კანდიდატ ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს. ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში. ის, რომ ვერ გავუფრთხილდით პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე ზუსტად ვიცი, ეს არასოდეს განმეორდება და ერთად ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი წერილში მამამისსაც მიმართავს და ამბობს, რომ შიმშილობა მისთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა. სააკაშვილის თქმით, ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ჯანმრთელობა.

„ნიკა, ძვირფასო, ბავშვობიდან არა მხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალიც იყავი. სამწუხაროდ, შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა. ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა. ვაფასებ შენს მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი, იცი, რომ სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დატოვე კომენტარი