მიხეილ სააკაშვილი - „ვარდების რევოლუცია“, ახალი ეტაპის გაგრძელება აუცილებლად გვაქვს წინ, დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ისტორიული ტერიტორიების შემოერთების საკითხიც
მიხეილ სააკაშვილი - „ვარდების რევოლუცია“, ახალი ეტაპის გაგრძელება აუცილებლად გვაქვს წინ, დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ისტორიული ტერიტორიების შემოერთების საკითხიც

„ვარდების რევოლუცია“ – ახალი ეტაპის გაგრძელება აუცილებლად გვაქვს წინ, რადგან ისევ აღმოსაფხვრელია კორუფცია, ისევ მოსაშორებელია კრიმინალი, ისევ გასაყვანია საქართველო საერთაშორისო არენაზე, რადგან მთელი ჩვენი საერთაშორისო კავშირები არის დანგრეული და ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვართ მზად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, წინ დიდი ცვლილებებია და „ასეთი რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს“.

„ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ეხება „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვრებს და ეს ნგრევა იღებს კატასტროფულ ხასიათს, მაგრამ ყველაზე დიდ ნგრევას ყოველთვის მოჰყვება ყველაზე დიდი აღმშენებლობა. ამას ვამბობ, როგორც „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი და ჩვენ „ვარდების რევოლუცია“ – ახალი ეტაპის გაგრძელება აუცილებლად გვაქვს წინ, რადგან ისევ აღმოსაფხვრელია კორუფცია, ისევ მოსაშორებელია კრიმინალი, ისევ გასაყვანია საქართველო საერთაშორისო არენაზე, რადგან მთელი ჩვენი საერთაშორისო კავშირები არის დანგრეული და ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვართ მზად.

ამისთვის არის როგორც შიდა, ასევე გარე პირობები. ამ ომების ხარჯზე უკრაინაში, ირანსა და ისრაელს შორის, სადაც ისრაელმა და ამერიკამ გაიმარჯვეს, პალესტინელებთან მიმართებაში, მოჰყვება პოლიტიკის დიდი გადააზრების დრო და ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში. საქართველოში ახლა არის სრულიად გაუკუღმართებული პროცესი. ქვეყანას მართავს ივანიშვილი, რომელიც ინსტრუქციებს იღებს თავისი „ფეესბეს“ კურატორისგან. ივანიშვილს გარს ჰყავს მანქურთები, რომლებიც იღებენ ინსტრუქციებს საქართველოს განადგურების მიმართულებით. ასრულებენ მტრის დავალებებს. ყველაფრის გათვალისწინებით, ისტორიული ლოგიკის გათვალისწინებით, ხალხის განწყობის გათვალისწინებით, ჩვენ გარშემო ფაქტორების გათვალისწინებით, ასეთი რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს „ჩვენი ისტორიული ტერიტორიების საქართველოსთან შემოერთების საკითხი“.

„ჩვენ გვაქვს წინ დიდი ცვლილებები. საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში, იმპერია იშლება და ამ საკითხებში დგას კავკასიის გაერთიანების ამბავი, რადგან კავკასიის გაერთიანებაში ყოველთვის ქართველები თამაშობდნენ ისტორიულად დიდ როლს. გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, მეცნიერებაში – არნოლდ ჩიქობავა. იცით, რომ, მაგალითად, ინგუშებში მუდმივად დგას საკითხი საქართველოსთან შეერთების. იმპერიის დაშლასთან ერთად, არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების, არამედ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ჩვენი ისტორიული ტერიტორიების საქართველოსთან შემოერთების საკითხი. ასოცირების საკითხი. მთლიანად იცვლება კავკასიაში სიტუაცია. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა თურქეთში და მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. ეს არის ისტორიული გარღვევა. კავკასია ისევ იკვრება ერთ მუშტად. სომხეთმა გამოაცხადა რუსეთის ბაზების გაყვანის აუცილებლობის შესახებ. ეს არის იმხელა პროცესი, რომლის გარეთ საქართველო ვერ დარჩება, როგორც უნდა მოინდომონ ეს მათ, ვისაც დღეს უნდა მაქსიმალური არეულობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ახლა დაყოფის დრო არ არის.

„ჩვენი ემიგრანტები აქტიურად უნდა ჩაერთონ საქართველოს საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში. ელექტრონული კენჭისყრა უნდა შემოვიდეს და ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნეს მათი მონაწილეობით, სახლიდან გაუსვლელად.

გაყოფის დრო რომ აღარ არის, მგონი, ამას ყველა ხვდება, ყველას სათითაოდ ანადგურებენ. ვინც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, არა მგონია, ის ახლა ამას ფიქრობდეს. ჩემთვის ის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას. ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენებით მე ვიმყოფები ამ გისოსებს მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას, რადგან მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან. მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო, ახლა თვითონაც არის გისოსებს მიღმა და მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას და აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან. მინდა, ვთქვა, რომ კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.