მიხეილ სააკაშვილი – ვაპირებ, აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი, ევროპასთან და უკრაინასთან ახლოს

20:27, 18.08.2026

ვაპირებ, აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი, ევროპასთან და უკრაინასთან ახლოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ დღეებში სრულდება აფხაზეთში რუსების მიერ ჩვენ წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მორიგი წლისთავი და თითქოს რამდენიმე წლის წინ რუსების შემოგდებულ, აფხაზებისადმი ბოდიშის აფხაზურად მოხდის „მშიბზია“ სამარცხვინო კამპანია არ გვეყო (მაშინ ივანიშვილის 2024 წლის საბოდიშო გამოსვლამდე ტესტავდა “ეფ ეს ბე” ამ თემაზე ქართული საზოგადოების რეაქციას. ახლა ნიკა გვარამიამ და არა მხოლოდ ნიკამ, გამოაგდეს თემა, რომ თურმე როგორც ფაშინიანმა მოიშორა ყარაბაღის „ტრავმა“, ასევე ჩვენ უნდა გადავლახოთ აფხაზეთის ტრავმა და ვიაროთ წინ. ეს თეზისი არა მხოლოდ სრულიად მიუღებელი და მავნეა, არამედ აბსოლუტურად არ ასახავს ისტორიულ და პოლიტიკურ რეალობას. აფხაზეთი ომამდე იყო ყველაზე განვითარებული, შეიძლება ითქვას ყველაზე ევროპეიზებული, ძირითადად მეგრელებით დასახლებული რეგიონი, რომელიც აუცილებლად გახდებოდა საქართველოს ევროპაში, ბალტიის ქვეყნების მსგავსად, სვლის ლოკომოტივი, რომ არა რუსების დაგეგმილი და ორგანიზებული ომი. ამ დაგეგმილ ომზე, ჯერ კიდევ 1989 წელს მეორეკურსელ სტუდენტს მაფრთხილებდა აკადემიკოსი გიორგი არბატოვი, გორბაჩოვის პოლიტბიუროს „ლიბერალი“ წევრი. მან მითხრა – „ მიხეილ 9 აპრილის ამბები თბილისში მხოლოდ დასაწყისია, თუ გააგრძელებთ შემდგომ მოთხოვნას დამოუკიდებლობის, თქვენზე მთავარი დარტყმა განხორციელდება აფხაზეთში და ამის გეგმები უკვე არსებობს გენშტაბში. არბატოვი ერთ რამეში შეცდა, პირველი დარტყმა განხორციელდა ჯერ თბილისში, რუსების მხარდაჭერილი შეიარაღებული გადატრიალების სახით და ამას მოჰყვა უკვე აფხაზეთი. აფხაზეთიდან ქართველების გამოყრით, რუსებმა თავიდანვე დაასაჭურისეს ქართული სახელმწიფო.

მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აფხაზური საზოგადოების რომანტიზების. მინდა კონკრეტული მაგალითი მოგიყვეთ, აფხაზეთის ომის დროს, სხვებთან ერთად ვმუშაობდი ტყვეების გაცვლაზე. სოხუმში ეს ჯგუფი ვრჩებოდით ხოლმე ქალაქის ცენტრში, ძალიან ინტელიგენტ სოხუმელ ახალგაზრდა კაცთან მიშა კოკაიასთან, მის დიდ ბინაში. ეს იყო ე.წ. თეთრი სახლი, სადაც აფხაზეთის მწერალთა კავშირის ცნობილი აფხაზი წევრებიც ცხოვრობდნენ და მიშა პირადად იცავდა მათ ძალადობისგან, საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდა აფხაზებთან. როდესაც აფხაზური შენაერთები შემოვიდნენ სოხუმში, ერთ-ერთი პირველი ვინც დახვრიტეს, იყო მათი ქომაგი მიშა კოკაია. უფრო შორს რომ წავიდეთ, ომამდე ხშირად დავყავდი ოჯახს აფხაზეთში და მაშინ თვალში საცემი იყო აფხაზების, ჩვენ როგორც ქართველების მიმართ მტრული დამოკიდებულება. მოზარდებს მარტო არსად გვიშვებდნენ, იმიტომ რომ ხშირი იყო შემთხვევები ფიზიკურად თავდასხმის. ჩემი ბოლო ომამდელი გამოცდილება იყო 1991 წლის ზაფხულში დასასვენებელ სახლ „ზალატოი ბერეგის“ სასადილოში, სადაც ჩემმა მეგობარმა უხარისხო კერძი გააპროტესტა და აფხაზმა მზარეულმა გვითხრა – „Собакам собачья пища„ ასე რომ, დღემდე აფხაზური საზოგადოება მთლიანად გამსჭვალულია ფაშისტური ტიპის სხვა ერების აუტანლობის იდეოლოგიით და ეს ეხება არა მხოლოდ ქართველების მიმართ დამოკიდებულებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ომის დროს მათ ასევე გაყარეს 100 ათასზე მეტი ბერძნები, ებრალები და ესტონელები და ამ ბოლო დროს აქტიურად ავიწროებენ სომხებსაც, რომლებიც თავის დროზე მათ მხარეს იბრძოდნენ.

მე არ მაქვს არანაირი სიმპათია ასეთი ხალხის მიმართ, თანაც ეს ხალხი აშკარად უუნაროა განავითაროს ის ტერიტორია რომელსაც მოაჯდა, სრულიად გაველურებული ადამიანთა ჯგუფი ტყუილად აცდენს ამ ოქროს მიწას, არც თვითონ ხეირობს, არც სვას ახეირებს (შეადარეთ აბა ბათუმს). განცხადება „აფხაზეთის ტრავმა უნდა გადავლახოთ“ იგივეა, რომ დავით აღმაშენებელს, რომელსაც თბილისის აღებაზე 30 წელი დასჭირდა, რაღაც მომენტში ეთქვა რომ „თბილისის ტრავმა უნდა გადავლახოთ“, თბილისი არაბებისთვის დაეტოვებინა და სამუდამოდ გადართულიყო სხვა თემებზე. გარდა იმისა, რომ პირადად მე აფხაზეთში მეძახის ჩემი სისხლი, ბაბუაჩემი დომენტი ალასანიას სახლი ეშერაში, შევხედოთ სრულიად პრაგმატულად ამ საკითხს. გამოანგარიშებულია რომ უახლოეს ათწლეულებში მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იცხოვრებს ზღვის გასწვრივ, იმიტომ რომ იქ არის კომუნიკაცია და შესაბამისად განვითარება. დღეს ჩვენ ვაკონტროლებთ სარფიდან ანაკლიამდე ზღვის ზოლის 100 კილომეტრზე ნაკლებს, აფხაზეთი დამატებით 200 კილომეტრია. ამას გარდა სოხუმიდან 40 წუთით ნაკლებია ევროპამდე ფრენა ვიდრე თბილისიდან. აფხაზეთის დაბრუნება ნიშნავს, საქართველოს ეკონომიკის ეგრევე მინიმუმ გაორმაგებას და იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის სანაპიროსთან, ზღვის შელფზე დიდი ალბათობით არის ნავთობი, შემდგომში კიდევ რამდენჯერმე გაზრდას და რას გვთავაზობთ რომ ყველაფერ ამაზე უარი ვთქვათ და რუსებს და აფხაზებს დავუტოვოთ?

ჩვენ რომ აჭარა რუსებისთვის და ადგილობრივი სეპარატისტი ფეოდალისგან არ გამოგვეგლიჯა 2004 წელს, დღეს უკვე ანალოგიურად ისაუბრებდა მავანი, რომ უნდა „გადავლახოთ აჭარის ტრავმა“. არ ვიცი ვინ რა აზრზეა, მაგრამ მე მიხეილ სააკაშვილი ვაპირებ სხვა პატრიოტებთან ერთად, იმპერიის დასუსტების პარალელურად, აფხაზეთის, კერძოდ საქართველოს ძირძველი გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გულრიფშის, სოხუმის, გუდაუთის, გაგრის, კოდორის მიწების დაბრუნებას საქართველოს კონტროლ ქვეშ და თუ ვინმეს იქ დარჩენილ მოსახლეობიდან ეს არ მოეწონება, მათ შეუძლიათ სხვა ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად. ზუსტად ასევე ფიქრობენ ჩემი შვილები და იმედია თქვენი შვილებიც. ჩვენ აღვადგენთ კონტროლს ყველა საჭირო საშუალების გამოყენებით. ის რაც დღეს არის, ეს არის დროებითი სიტუაცია განპირობებული რუსეთის იმპერიის გაგრძელებული აგონიით, მაგრამ ეს იმპერია მილევად რეჟიმშია და მას ნამდვილად არ უნდა გადავაყოლოთ ის, რაც კანონიერად ჩვენ გვეკუთვნის. სომხეთთან და ყარაბაღთან შედარება არის ძალიან უადგილო. იქ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ის ტერიტორია რომელიც მას ეკუთვნოდა. ჩემი პრეზიდენტობის დროს მუდმივად ვსაუბრობდი აფხაზეთზე, ჭორვილის რეჟიმმა ამ თემას ტაბუ დაადო. და ახლა კიდევ ერთხელ ყველამ უნდა წამოვუძახოთ პირველ რიგში საკუთარ თავს – აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, რომელზეც კონტროლი დაკარგული გვაქვს მხოლოდ დროებით და როგორც აზერბაიჯანმა 34 წლის შემდეგ დაიბრუნა თავისი ტერიტორია, როგორც ხორვატიამ დაიბრუნა სპლიტი და სხვა ტერიტორიები, აუცილებლად აღვადგენთ ამ კონტროლს. ხოლო აფხაზეთის ჭრილობა ვერ მოშუშდება მანამ, სანამ ეს არ მოხდება. მე ჩემის მხრივ ვაპირებ სოხუმი ბათუმზე ბევრად უკეთესად ავაშენო და განვავითარო. საერთოდ მიმაჩნია, რომ იქ უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი, ევროპასთან და უკრაინასთან ახლოს. თბილისი ამავე დროს დარჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს ქალაქად, რეალურად კავკასიის დედაქალაქად“, – წერს სააკაშვილი.

 

მსგავსი