მიხეილ სააკაშვილი - ვანო მერაბიშვილი შვიდი წელი იყო წამების პირობებში
მიხეილ სააკაშვილი - ვანო მერაბიშვილი შვიდი წელი იყო წამების პირობებში

არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ყველამ დავუშვით შეცდომები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.  „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილი ამბობს, „მთავარი არხის“ ეთერში ჟურნალისტმა მერაბიშვილს ამ საკითხზე არაკორექტული კითხვა დაუსვა.

„ვუყურე ვანო მერაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს. ჯერ ერთი, ეკა კვესიტაძემ, როგორც იცის ხოლმე, ამ თემაზე არაკორექტულად დაუსვა კითხვა. მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები. ეს მართლაც ასეა, ვინც არაფერს აკეთებს, ის არ უშვებს შეცდომებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები და უშეცდომოები, მაგრამ შეუცდომელი არავინ არ არსებობს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი დიდ დაფასებას და პირადად მისგან, დიდ მადლიერებას იმსახურებს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ახლა შურისძიების და დაყოფის დრო არ არის.

„საინტერესო რა იყო ვანოს საუბარში – ახლა ამბობენ, ენა ისე არ აქვს მომართული და რაღაც… უკაცრავად მეგობრებო, ეს ადამიანი შვიდი წელი იყო წამების პირობებში, სამარტოო საკანი, ეს არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა. ნებისმიერს გადაიყვანდა ეს ჭკუიდან, მაგრამ ის არ გატყდა, არ შეეპუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა, ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავის პოზიციაში. იგი ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს მადლიერებას, რადგან ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, აი ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგუგუნე, იგრიალე, ოღონდ ერთადერთი დაწერე, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა ალბათ, რომ სააკაშვილს აქვს სხვადასხვა ქვეყნებში ანგარიშები. მან დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა მათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში. ეს მეტყველებს, რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც მას ამდენი ხანი ავიწროებდნენ.

ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების, ახლა არის შერიგების დრო, თანხმობის დრო და ტყუილად ეკითხებიან კითხვებს, ვაიმე ამ პარტიაში თუ იმაში. რა მნიშვნელობა აქვს. ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად დაყოფის დრო არ არის. სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის და არც ვიღაცაზე შურისძიების დრო არ არის“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი