მიხეილ სააკაშვილი - ვალერი გელაშვილის ცემასთან ზუსტად ისეთივე კავშირი მაქვს, როგორიც თქვენ
მიხეილ სააკაშვილი - ვალერი გელაშვილის ცემასთან ზუსტად ისეთივე კავშირი მაქვს, როგორიც თქვენ

ვალერი გელაშვილის ცემასთან ზუსტად ისეთივე კავშირი მაქვს, როგორიც თქვენ, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს ეხებოდა. ჟურნალისტმა სააკაშვილს კობა დავითაშვილისა და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტები და ასევე ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება შეახსენა.

„ირაკლი ოქრუაშვილი 24 საათში გაუშვეს. კობა დავითაშვილის 7 ნოემბრის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის თანამდებობიდან. ვალერი გელაშვილის ცემასთან ზუსტად ისეთივე კავშირი მაქვს, როგორც თქვენ. ეს ეფუძნება სრულიად ყალბ ჩვენებებს. ეგრე ვინმეს ცემა რომ გვდომოდა, ნახევარი საქართველო შეიძლებოდა გამოგვკიდებოდა. ეგ არის სრული სისულელე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა 16 დეკემბერს, ველისციხესთან განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არც ერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი არ დაუპატიმრებიათ. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ორგანიზებული წევრი, დავით კირკიტაძე დააკავა.

სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძე იჯდა ავტომობილში, „რომელმაც ორ პოლიციელს გადაუარა“, მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

„ნინო ბურჯანაძე იჯდა იმ მანქანაში, რომელმაც ორ პოლიციელს გადაუარა. ერთი დაიღუპა და მეორე დაინვალიდდა მთელი ცხოვრება. ნინო ბურჯანაძესაც კი არ წარდგენია მაშინ ბრალი. ეს იყო ჩემი და ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.