მიხეილ სააკაშვილი - თავბედს ვიწყევლი, ქუთაისის აეროპორტი რომ გავხსენი და უვიზო მიმოსვლა მოვიფიქრეთ
მიხეილ სააკაშვილი - თავბედს ვიწყევლი, ქუთაისის აეროპორტი რომ გავხსენი და უვიზო მიმოსვლა მოვიფიქრეთ

კიდევ კარგი, მოვასწარი ქუთაისის აეროპორტის გახსნა, მაგრამ ახლა თავბედს ვიწყევლი, რომ გავხსენი ქუთაისი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„იმის მაგივრად, ეს ყოფილიყო იმედის აეროპორტი, ინვესტიციების შემოსვლის აეროპორტი, ახლა მიზის ვიღაც გამოშტერებული ავსტრიელი ოფიცერი იქ და მიმოწმებს, ფეისკონტროლს მიკეთებს.

გამოშტერებულს, ბოდიში, ვიძახი, მაგრამ სინამდვილეში, სწორია ის კაცი, იმიტომ, რომ თავს იცავს მიგრანტებისგან, რადგან, როგორც თავის დროზე ყულევის ციხე იყო, სადაც ლაზიკის პორტი იყო და საიდანაც გოგო-ბიჭები ჩვენს ფეოდალებს გასაყიდად ოსმალეთში და სხვა იმპერიაში გაჰყავდათ, ზუსტად ასევე, ამ ფეოდალს გაჰყავს ჩვენი ახალგაზრდობა და არამარტო ახალგაზრდობა უცხოეთში მუშახელად“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც სააკაშვილი ამბობს, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მისი ლობირებულია.

„ივანიშვილი ყიდის საქართველოს საუკეთესო ნაწილს უცხოეთში. ჩემი ლობირებულია უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ჩემი იდეა იყო, საერთოდ, თავის დროზე, კარლ ბილდტთან და სიკორსკისთან რომ დავჯექით ომის შემდეგ, რა გვექნა. მოვიფიქრეთ აღმოსავლეთის პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ასოციაცია ევროპასთან. თავბედს ვიწყევლი ახლა, რომ გავაკეთე, თავბედს ვიწყევლი. კი მიხარია, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე – როდესაც შენ ხალხს ვერ ასაქმებ შენთან, პრაქტიკულად, ის ხალხი ხდება იძულებით წასული მუშახელი უცხოეთისთვის. მინდა, ამ ხალხს ვუთხრა, ცოტა ხანი კიდევ ნუ გახვალთ, გეხვეწებით, რამდენიმე თვე კიდევ გაძელით, ყველაფერი შემოტრიალდება ბოლომდე“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.