მიხეილ სააკაშვილი - სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, რადგან ხაჭაპური 50 თეთრით ძვირი ღირს
მიხეილ სააკაშვილი - სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, რადგან ხაჭაპური 50 თეთრით ძვირი ღირს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში მმართველი კლანი მდიდრდება, ხალხი კი ღარიბდება.

მისივე თქმით, საქართველოში 350 000 ადამიანი 800 ლარის ოდენობის ხელფასს იღებს.

„დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს და არ ყიდულობენ ხაჭაპურებს მარტივი მიზეზის გამო – ხაჭაპური ღირს 50 თეთრით ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რადგან ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

„წარმოიდგინეთ, საქართველო არის ისეთი მანქანა, რომელსაც საჭესთან უზის ადამიანი, რომელიც მიაქანებს უფსკრულისკენ და გადაჩეხავს, ქართველი ხალხი ჩაკეტილი ჰყავს სადღაც საბარგულში. ესენი მანქანიდან უნდა გადავყაროთ და გავუშვათ, ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, ქმედითები.

თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ ავტომატურად მივიღებთ იმას, რომ იმ თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას, შეიძლება იყოს ბოლო არჩევნები და არასდროს აღარ იყოს არც საქართველო, აღარც თავისუფალი არჩევნები. ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად ვიქნებით აქტიურები, ბედის ბორბალს აუცილებლად დავატრიალებთ წაღმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.