მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს სიაში არის ხალხი, ვინც წარსულში მკაცრად მაკრიტიკებდა, მაგრამ დავივიწყეთ ძველი წყენა, რადგან ჭეშმარიტად, საერთო ძალების გაერთიანების დროა
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს სიაში არის ხალხი, ვინც წარსულში მკაცრად მაკრიტიკებდა, მაგრამ დავივიწყეთ ძველი წყენა, რადგან ჭეშმარიტად, საერთო ძალების გაერთიანების დროა

გაერთიანებული ოპოზიციის სია არის გარკვეულწილად, კოალიციური სია, რადგან სრულიად სხვადასხვა ძალებით, სხვადასხვა წარმომავლობის ხალხმა მონახა ძალა, დადგეს ერთად, რომ საქართველო გამოიყვანოს ამ კრიზისიდან და სწრაფად წაიყვანოს წინ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სია, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად წარადგინა, საუკეთესოა.

„დღეს ერთიანმა ოპოზიციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად წარადგინა თავისი საარჩევნო სიები პროპორციულ მანდატებზე და ეს არის მართლაც, ჩემს მახსოვრობაში, საუკეთესო საარჩევნო სია, რომელიც როდესმე ვინმეს წარუდგენია საქართველოში. ეს არის შეჯამება სხვადასხვა ეპოქების, წარმატებული გამოცდილების, პროფესიონალების, ახალგაზრდების, ენერგიის, პატრიოტიზმის და ყველაფერს იმისა, რაც საჭიროა ახლა საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად. სიის სათავეშია ბუბა კიკაბიძე, ის არის ადამიანი, რომელიც არასდროს მიეყიდა არც ოლიგარქს და არც ოლიგარქის პატრონს იმიტომ, რომ მას სთავაზობდნენ მრავალ მილიონ დოლარს, რომ ჩასულიყო და ერთხელ მაინც ემღერა რუსეთში რუსეთის მთავრობისთვის. მან ყოველთვის თქვა ამ ცდუნებაზე უარი და ძალიან მაღლა დაიჭირა ღირსება, უფრო მეტიც, მისი უამრავი ინტერვიუ არის ის, რაზეც ძალიან ხშირად აპელირებენ ევრაზიის უზარმაზარ სივრცეში, რადგან ის არის ერთ-ერთ არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მთელს მსოფლიოში. სიაში არის ნონა მამულაშვილი, ეს არის ძალიან მაგარი პოლიტოლოგი, ეკონომიკის სპეციალისტი, სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი, სრულიად ახალი ადამიანი ქართული პოლიტიკაში, რომელიც მანამდე არ ყოფილა არც ერთ პარტიაში, ასეთი ხალხი უერთდება „ნაციონალურ მოძრაობას“. აქ არის მანუჩარ კვირკველია, რომელიც პეკინის ოლიმპიადის დროს, როდესაც საქართველოს ბომბავდნენ, მოიპოვა ოლიმპიური ტიტული და დაამარცხა ფინალში რუსი მეტოქე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, „პრაქტიკულად სია მოგებაზეა გათვლილი“.

„ყველა ლიდერი პროპორციულად გადანაწილდა სიის მინიმუმ 60-70 ადამიანზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დარწმუნებული, ყველა ეს ლიდერი გავა, მოემსახურება ხალხს და პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების მეშვეობით შეცვლის საქართველოში რეალობას. აქ არის დევი ჭანკოტაძე, საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც იყო აფხაზეთის დროს არტილერიის მეთაური და ვიდრე დევი იყო აფხაზეთში, მანამდე ვერავინ იღებდა ქართველების კუთვნილ ტერიტორიას. როგორც კი არტილერია და დევი გამოიყვანეს შევარდნაძის ბრძანებით, დაეცა სოხუმი, მაგრამ სწორედ დევის გმირული ქმედებების შედეგად შევინარჩუნეთ რამდენიმე დღე ფრონტი, ვიდრე მოვახდინეთ საერთაშორისო ძალების მობილიზაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად 2008-ში. დევი რომ ჩვენთან არის, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საარჩევნო სიაში არიან ბიზნესმენები, რომლებიც მას ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ, თუმცა ახლა წყენა დაივიწყეს.

„სიაში არიან ბიზნესის წარმომადგენლებიც, ისინი, ვინც ძალიან ბევრი რაღაც შექმნა საქართველოში, მაგალითად ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც წარმოუდგენელი რაოდენობის ახალი ბიზნესი შექმნა საქართველოში. ასევე, კახა ოქრიაშვილი, რომელსაც მე ხშირად არ ვეთანხმებოდი, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვხატო აღფრთოვანება იმით, თუ როგორ მაგრად დაუდგა ოლიგარქს და მის რეჟიმს, როდესაც პირდაპირ დაემუქრნენ დაჭერით და უთხრა, მოდით, თუ გინდათ დამიჭირეთ, მაგრამ უკან არ დავიხევო, არსად გავრბივარ და ჩემს პოზიციაზე ვიდგებიო. როგორ შეიძლება ამ პოზიციას არ ვცე პატივი.  აქ არის ის ხალხი, ვინც მე ძალიან მკაცრად მაკრიტიკებდა წარსულში, მაგრამ ჩვენ დავივიწყეთ ძველი წყენა, რადგან ჭეშმარიტად, საერთო ძალების გაერთიანების დროა. რეალურად, ჩვენი, გაერთიანებული ოპოზიციის სია არის გარკვეულწილად, კოალიციური სია, რადგან სრულიად სხვადასხვა ძალებით, სხვადასხვა წარმომავლობის ხალხმა მონახა ძალა, დადგეს ერთად, რომ საქართველო გამოიყვანოს ამ კრიზისიდან და სწრაფად წაიყვანოს წინ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ გუნდთან ერთად ვაპირებთ გამარჯვებას. ის, რომ გამარჯვება იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. 31 ოქტომბერს საქართველო ახალი დროის ათვლას იწყებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.