მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ჩასვლას რეფერენდუმამდე ვაპირებ, თუ მის შემდეგ, ამას ქართველი ხალხი ნახავს, არ დავაღალატებ
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ჩასვლას რეფერენდუმამდე ვაპირებ, თუ მის შემდეგ, ამას ქართველი ხალხი ნახავს, არ დავაღალატებ

არასდროს მითქვამს კონკრეტულად არც თარიღი, არც დღე და არც ადგილი საქართველოში ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ საქართველოში ჩასვლას რეფერენდუმისთვის ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აუცილებლად ჩამოვა და ქართველ ხალხს არ დააღალატებს.

„რეფერენდუმამდე თუ მის შემდეგ, ამას ქართველი ხალხი ნახავს. ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძლავრი სიურპრიზი. ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ ძალიან კონკრეტულად ვამბობ, რომ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს. წინა არჩევნების წინ ვთქვი, რომ ჩამოვალ, როცა არჩევნები დამთავრდება. ჩვენი აზრით და არა მხოლოდ, ქართველი ხალხის აზრით, ყველა გამოკითხვით, არჩევნები იყო გაყალბებული და შემდეგ მივიღეთ ევროკავშირის ხელშეკრულება, რომელიც იძლევა საშუალებას, ჩავატაროთ რეფერენდუმი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში 2013 წლის შემდეგ არ ყოფილა და ეს მისთვის „მძიმე პირადი გამოცდაა“. ამასთან, აღნიშნა, რომ სადმე „გადახვეწილად დიდხანს ყოფნას არ აპირებს“.

„მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ. იყო პერიოდები, როდესაც მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვქონდა საკმარისი ძალები, რათა საკითხები პოლიტიკურად გარკვეულიყო, ნორმალური არჩევნებისთვის მიგვეღწია და მიგვეღწია ნორმალური გადასვლისთვის, ისე, როგორც თავის დროზე გადავეცით ხელისუფლება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს რესურსი თითქმის მთლიანად ამოწურულია. ერთადერთი იმედი, რაც გვრჩება, ევროკავშირის ჩათვლით, მედიაცით, ამერიკელების ჩართვით, დამკვირვებლების ჩამოსვლის პირობებში ჩვენ შევძლებთ მიღწევას, მაგრამ ამის იმედი მგონი, საქართველოში ძალიან ცოტა ხალხს დარჩა. ყველა რესურსის ჩართვაა საჭირო, ახლა არ არის არც საკუთარი თავის დაზოგვა და რაღაც პოლიტიკური მანევრირების დრო.

ძალიან მენატრება საქართველო. შეუძლებელია, არ მენატრებოდეს. 2013 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ საქართველოში, ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი და ძალიან მძიმე პირადი გამოცდა ჩემთვის. ამიტომ, ეს უკვე პირადი არჩევანის საკითხია, საქართველო თუ გიყვარს და მე ძალიან მიყვარს, ნამდვილად არ ვაპირებ სადღაც გადახვეწილად დიდხანს ყოფნას. ეს არ ნიშნავს, რომ მე იძულებით ვაკეთებ რაღაცას უკრაინაში, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან როლს ვასრულებ ისე, როგორც მთელ რეგიონში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.