მიხეილ სააკაშვილი - მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის, ნურას უკაცრავად, არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი
მიხეილ სააკაშვილი - მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის, ნურას უკაცრავად, არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი

საქართველოს მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის. არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

„საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის. ნურას უკაცრავად, არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი. რა თქმა უნდა, უნდა აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი სცენარებს არასდროს ცვლის.

„2007 წელს ჩვენ დაგვბომბეს წითელუბანში და 2007 წელსვე მოგვიწყვეს არეულობები თბილისში. სწორედ ის, რაზეც ახლა არის ეს სასამართლო პროცესი. რუსმა ოლიგარქმა პატარკაციშვილმა და ასევე, ფებეერმა გამოგვიგზავნა წერილი, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში მცხოვრები ქართველი კანონიერი ქურდების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ ერევანში და შტაბი ჰქონდათ გაკეთებული. ზუსტად ასეთი წერილი მიიღო ახლა ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ, რომ რუსეთი ამზადებს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას, მათ შორის, კრიმინალის და ადგილობრივი მათი დამქაშების გამოყენებით. ხომ არ გეცნობათ სცენარი? რუსეთი სცენარებს არასდროს ცვლის. ეს იყო, რაც მოხდა 2007 წელს. როდესაც ეს არ გამოუვიდათ, როდესაც ხელახლა ამირჩიეს პრეზიდენტად, 2008 წელს უკვე განხორციელდა სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა. ამანაც ვერ გააკეთებინა რუსეთს ის საქმე, რისი გაკეთებაც უნდოდა, მაინც ვერ დაამხვეს თბილისში მთავრობა, მაინც ვერ ააფრიალეს თავიანთი დროშა, მაინც ვერ შემოვიდნენ თავიანთი ჩექმებით, რადგან ვისი დაყენებაც შეიძლებოდა ფეხზე, ყველა დავაყენეთ, ჩვენმა ჯარმა გაწია გმირული წინააღმდეგობა, მე არ გავიქეცი და არ დავტოვე ჩვენი დედაქალაქი, როგორც ამას მომიწოდებდნენ. ერთადერთი აეროპორტი, რომელიც არ დაბომბეს, ეს იყო თბილისი. ყველა მხრიდან მითვლიდნენ რუსები, წადი ოჯახთან ერთად, თვალებს მიპაჭუნებდნენ, რომ ფულს მომცემდნენ კიდეც, ოღონდ წავსულიყავით, მაგრამ არ დავტოვეთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენმა მთავრობამ, პრაქტიკულად, იდეალურად იმუშავა. ამას წინათ ვუყურებდი უცხოური მინისტრების გამოხმაურებას, რომლებიც თბილისში იყვნენ, აღფრთოვანებული იყვნენ იმით, როგორ მუშაობდა საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.