მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს იარაღი აქვს და საქართველოს შეუძლია, აწარმოოს იარაღი
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს იარაღი აქვს და საქართველოს შეუძლია, აწარმოოს იარაღი

გაყალბებული არჩევნების შედეგად ივანიშვილის მიერ მოხვეულმა თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ზურაბიშვილის განცხადება არის გამოხატულება, რაც უნდა რუსეთს.

„თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი. ტყუილად ნუ ამართლებთ მისი მხარდამჭერები. ამ ქალმა ენა არ იცის ან გიჟად არის უბრალოდ და არაფერ შუაში არ არის პოლიტიკა. ეს არის აბსოლუტურად პირდაპირი გამოხატულება, რაც უნდათ ივანიშვილსა და რუსეთს. ეს არის გამოხატულება შურისძიებისა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ჯარებზე, რომლებმაც ჩამოაგდეს ცამეტი თუ თოთხმეტი საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არ გაუკეთებია არავის.

ეს არის შურისძიება იმ ჯარზე, რომელმაც პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაჭრა რუსეთის არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი, მანამდე მძიმედ არ დაჭრილა ომის შემდეგ არც ერთი რუსი საბრძოლო გენერალი, მით უმეტეს მეთაური. ეს არის შურისძიება იმ ხალხზე, ვინც ხელი აღმართა მტერზე, რომელიც შეჩვეულია ყველგან წინააღმდეგობის გარეშე შესვლას. ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენ ქვეყანას და საქართველოს სახელს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის განცხადება არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე ასობით ათასი ვეტერანის საქართველოს შეიარაღებული ძალების.

„ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების. ეს არის შეგნებული პოლიტიკის გამოხატულება. რას ნიშნავს, არა გვაქვს იარაღი?! საქართველო აწარმოებდა საწარმო „დელტაში“ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს თავის კატეგორიაში. ყველაზე წინ წასულ ელექტრონული ცეცხლი მართვის ავტომატიზებული სისტემას „ლაზიკას“ საბრძოლო მანქანებზე, საუკეთესი ჯავშანტრანსპორტიორს „დიდგორს“, პირველად მსოფლიოში უხმო ყუმბარმტყორცნს, ასევე ჩვენ ბოლოს ვაწარმოებდით ფრთოსან რაკეტებს, რაც თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს აქვთ. ამასთან, 2012 წელს მე მოვაწერე ხელი ობამასთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ აწვდის საქართველოს ძალიან დახვეწილ იარაღს, ამიტომ საქართველოს იარაღი აქვს და საქართველოს შეუძლია, აწარმოოს იარაღი.

ეს ის ზურაბიშვილია, რომლის პატრონმა ამას წინად აფრინა ჰააგაში ე.წ. იუსტიციის მინისტრი წულუკიანი ერთადერთი თხოვნით, რომ დააჩქაროს ქართველი სამხედროების გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში საერთაშორისო სასამართლომ, იმ ყალბი მასალების საფუძველზე, რომელიც გადასცა ივანიშვილის დავალებით სუს-მა და წულუკიანის უწყებამ.

ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ვარაუდობენ, რომ ეს არის ერთადერთი, რაც მათ გადაარჩენს მომავალი წლის არჩევნებზე. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე და ეს ხალხი არის საქართველოს შეგნებული მტერი, ყოველი დღე მათი ხელისუფლებაში ყოფნაში არის ძალიან დამაზიანებელი.

როცა შეიარაღებულ ძალებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს დაჭრეს ქართველი მებრძოლები ავღანეთში. საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები და ისინი, დღესაც დიდი რისკის ქვეშ არიან და ვერანაირი განცხადებები ივანიშვილის მარიონეტების ამას ვერ შეცვლის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.