მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით ვამაყობ
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით ვამაყობ

საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით ვამაყობ, რადგან ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის გამტკიცება

„ამაზე არათუ ბოდიშს არ მოვიხდი, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევადაც“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

მისი თქმით, საქართველოში რწმენის დასუსტება შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მტრების პირდაპირი ამოცანა.

„ფსევდოლიბერალები მხოლოდ აძლიერებენ პირდაპირ რუსეთის, გავლენის აგენტებს, იმით, რომ ლაპარაკობენ: „უფ, რა გოიმობაა, ნახე, ეკლესიაზე ლაპარაკი, რწმენაზე ლაპარაკი, ეს ხო პოპულიზმია“. უკაცრავად, მე მწამს ის, რაც მწამს. მე მჯერა ის, რაც მჯერა.

როგორ შეიძლება ქილიკი იმაზე, რაც სინამდვილეში ჩვენი ფასეულობაა. ჩვენი ევროპულობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ჩვენი ქრისტიანობა. რატომ ვერ ამბობს ჩვენზე უარს ევროპა, რადგან ქრისტიანები ვართ, ხუთჯვრიანი დროშა გვაქვს. ჩემი ინიციატივით, შემოვიდა ხუთჯვრიანი დროშა, არავის არ დასიზმრებია მანამდე“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.