მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ამბობს სადღეგრძელოებს ოკუპაციასა და ევროპაზე, თუმცა ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან მიმართებაში, არ განსხვავდება რუსული პარტიული ხაზისგან
მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ამბობს სადღეგრძელოებს ოკუპაციასა და ევროპაზე, თუმცა ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან მიმართებაში, არ განსხვავდება რუსული პარტიული ხაზისგან

სალომე ზურაბიშვილი ამბობს სადღეგრძელოებს ოკუპაციასა და ევროპაზე, თუმცა ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან მიმართებაში, არ განსხვავდება რუსული პარტიული ხაზისგან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთვის” გაგზავნილ წერილში წერს. სააკაშვილი პასუხობს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამავე გამოცემას ინტერვიუ მისცა.

ზურაბიშვილი ინტერვიუში აცხადებს: „მრავალ ადამიანს უთხოვია შეწყალება, თუმცა მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა“.

​„მე საქართველოს ციხეში ვარ, რადგან როდესაც 2014 წელს უკრაინაში ჩავედი და ევრომაიდნის შემდეგ ახალ ხელისუფლებას ვეხმარებოდი, პირადად პუტინმა მისცა განკარგულება ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სათავეში დასვა, მისცა ორი მილიარდი დოლარი, რომ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. პუტინმა ვერ მაპატია პირველი უკრაინული მაიდნის მხარდაჭერა 2004 წელს და ის, რომ მე არ შემოვუშვი მისი არმია თბილისში და დავიცავი საქართველოს სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. შემდეგ ომი დაიწყო და აღმოვჩნდი პუტინის პირადი პატიმარი.

მომწამლეს, მაწამეს. მასამართლებენ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით.

მადლობელი ვარ პრეზიდენტი ზელენსკისა და მისი ოფისის, რომელთაც არაერთხელ საჯაროდ დაიცვეს ჩემი უფლებები. უკრაინა ითხოვს ჩემს, როგორც უკრაინის მოქალაქის გადაცემას. ევროპარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით, სადაც ჩემი დაპატიმრება „ოლიგარქის პირად ვენდეტად“ არის დასახელებული.

რაც შეეხება ზურაბიშვილს. ის გამოირჩევა პირფერობით და არასდროს აკეთებს იმას, რაც არ აწყობს ივანიშვილს. საქართველო დაადანაშაულა 2008 წლის ომში. თუმცა, ხანდახან ის სწორ რამეებს ამბობს. ახლა ის, უბრალოდ, ეხვეწება მოწვევას ზელენსკის. ზურაბიშვილი ივანიშვილის ჩვეულებრივი სათამაშოა, რომელსაც ის იყენებს იმისთვის, რომ დასავლეთსა და უკრაინას თავგზა აურიოს. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ის ჩემს  ჩემს გასამართლებას მოითხოვდა „ცხინვალზე (ანუ რუსეთზე) თავდასხმისთვის“ 2008 წელს. ის ყველანაირად იწონებდა რუსეთის მხრიდან შეიარაღებულ პროვოკაციებს. ის ახლა უნგრეთის პრეზიდენტის მსგავს როლს ასრულებს.

მესმის, რომ ახლა ნებისმიერი მხარდამჭერი სიტყვა მნიშვნელოვანია, თუმცა უკრაინელები არ უნდა მოტყუვდნენ. ამ ქალის ცარიელი სიტყვების მიღმა ივანიშვილის რუსეთთან აქტიური თანამშრომლობა დგას სანქციებისთვის თავის არიდების საკითხებში.

საქართველოში მოხშირდნენ კადიროველები. ასევე, აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურის ოფიცრები.

ზურაბიშვილი ამბობს სადღეგრძელოებს ოკუპაციასა და ევროპაზე, თუმცა ჩემთან მიმართებაში, როგორც პუტინის პირადი პატიმრის მიმართ, ისევე როგორც სხვა სასიცოხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, ის იოტისოდენადაც არ განსხვავდება რუსული პარტიული ხაზისგან“, – წერს სააკაშვილი.