მიხეილ სააკაშვილი - საერთაშორისო ვითარება ლაგდება, ამერიკაში სულ უფრო ნათლად აცნობიერებენ, ვისთან აქვთ საქმე, ყველაფერი ლაგდება სწორად, მთავარია, მანამდე ჩვენ შევინარჩუნოთ ბრძოლისუნარიანობა
პოლიტიკოსების აბსოლუტური უმეტესობა აცხადებს ჩემ მიმართ სოლიდარობას. ვინც არ აცხადებს, მათ სინდისზე იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების სახით „საქმე გვაქვს იმ ხალხთან, ვინც ყველანაირ სიბინძურეზე წავიდა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“. მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბრალდებებზეც ისაუბრა.
„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ძალიან ბევრ ოპოზიციურ პოლიტიკოსს, არამხოლოდ ჩვენი პარტიიდან. იგორ ნარმანიას, ახალგაზრდები ძალიან მაგრები არიან, ლევან სანიკიძეს, ნიკა გვარამიასაც, უამრავ სხვა ადამიანს ჩემ მიმართ სოლიდარობის გამოხატვისა და მხარდაჭერისთვის. მე ძალიან მადლობელი ვარ ამის. პოლიტიკოსების აბსოლუტური უმეტესობა აცხადებს ჩემ მიმართ სოლიდარობას. ვინც არ აცხადებს, ეს მათ სინდისზე იყოს. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს საქმე იმ ხალხთან, ვინც ყველანაირ სიბინძურეზე წავიდა, ყველანაირ საზიზღრობას ჩაიდენს, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, რასაც უყურებთ ამ ომთან დაკავშირებით, საქართველოს დადანაშაულებასთან დაკავშირებით. ეს ხალხი არამხოლოდ სიტყვიერად, ფიზიკურ განადგურებაში მონაწილეობს მთელი ეს წლები ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მებრძოლების და მათი გადაცემული სიებით ხან ერთ ქვეყანაში აკავებენ 2008 წლის მონაწილეებს, ხან მეორეში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ლაპარაკობენ, მოსახლეობა არ გამოიყვანესო. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო სწორედ მოსახლეობის გამოყვანა, რადგან შემოვლითი გზა რუსულ სპეცრაზმს უკვე ჰქონდა გადაკეტილი. ერთადერთი გზა, რომელიც შეგვეძლო, იყო ცხინვალთან უშუალო სიახლოვეში და იმისთვის, რომ ცხინვალი გაგვეხსნა, ვუპასუხეთ რუსულ აგრესიას, მაშინ ჩვენ უკვე ვუპასუხეთ. ეს ომის დაწყება არ იყო, ყველამ კარგად იცის, რომ ომი მრავალი ხნის დაწყებული იყო. მრავალი წლის უკან ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდა მიმდინარეობს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მთავარი ამოცანაა სიმტკიცე, უკან არ დახევა, ერთიანობა, რადგან ხელისუფლებას ძალიან ეშინია ერთობის. სააკაშვილის განცხადებით, ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა.
„საქართველო ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს, საერთაშორისო ვითარება ლაგდება, უკრაინელები მაგრად დგანან, ამერიკაში სულ უფრო ნათლად აცნობიერებენ, ვისთან აქვთ საქმე და ახალი ადმინისტრაცია ბევრად მომართულად, ბევრად უფრო სწორი მიმართულებით მიდის, ყველაფერი ლაგდება სწორად. მთავარია, მანამდე ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა, ჩვენი სულისკვეთება, არ გავტყდეთ, მაგრად ვიდგეთ. ესენი არიან სიცრუის, ღალატის სრული განსახიერება, მაგრამ ჩვენ ვართ დიდგულოვნების, პატრიოტიზმის, ქართველი ერის განსაკუთრებულობის მაგალითი. ყველა, ვინც იბრძვის, ყველა, ვინც ქუჩაში ვართ, ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა, ხომ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.