მიხეილ სააკაშვილი – რუსეთის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ლინდსი გრემი მოულოდნელად გარდაიცვალა, პირველი აზრი, რაც მომდის, არის, ხომ არ დაალევინეს რუსული ჩაი?

14:49, 12.07.2026

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ამერიკაში დაბრუნებული ჩემი მეგობარი და რუსეთის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ამერიკაში, სენატორი ლინდსი გრემი მოულოდნელად გარდაიცვალა. ასეთ დროს პირველი აზრი, რაც მომდის თავში, არის, ხომ არ დაალევინეს რუსული ჩაი უკან მიმავალს ამერიკაში? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ლინდსი გრემის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ლინდსი იყო ჩემი უახლოესი მეგობრის, ჯონ მაკკეინის ახლო ძმაკაცი. მან 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას უწოდა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომის გამოცხადება. ბევრჯერ იყო ნამყოფი საქართველოში. მახსოვს, ერთხელ საქართველოს მოვლას ვაპირებდით ერთად და თბილისშივე გაგვაფრთხილა, რომ ბოლო წლები სჭირდა სიმაღლის და წყლის შიში. ჯერ სვანეთში ვერტმფრენით ჩავფრინდით, შემდეგ – ბათუმში, „შერატონის“ დაუმთავრებელ შენობაზე ავიყვანე ბოლო სართულზე, შემდეგ მე და მაკკეინმა ძალით შევაგდეთ ადიდებულ შავ ზღვაში, სკუტერით მოგვიყვანეს რეზიდენციასთან. მიუხედავად დეკლარირებული შიშებისა, ყველგან წამოგვყვა.

ლინდსი დამეხმარა რჩევებით, როგორც სენატის სამართლებრივი კომიტეტის თავმჯდომარე, როდესაც „ქოცები“ ლობირებდნენ ჩემი და ჩვენი სამხედროების გამტყუნებას 2008 წლის ომში, ჰააგის სასამართლოში.

როდესაც 2016 წელს ჯონ მაკკეინსა და ტრამპს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, ლინდსი ტრამპის მხარეს გადავიდა და ძალიან დაახლოვდა მასთან. ის იყო ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი სენატში.

მე გრემს ბოლოს საქართველოში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე ამერიკის დედაქალაქში. რა თქმა უნდა, „ქოციანობის“ დროს მას აღარასდროს ჩამოუდგამს ფეხი საქართველოში.

ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენ მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა აღარც მაკკეინია ცოცხალი, აღარც გრემი და ყვარლის ნაკვეთიც წართმეული და გაპარტახებულია.

მინდა, გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო ჩემი მეგობრის, ლინდსი გრემის ოჯახს ამ უკიდურესად უდროო დანაკლისის გამო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, 71 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა.

მსგავსი