მიხეილ სააკაშვილი - რა ტილაობაა ჩემთვის თანამდებობები საქართველოში, ეს ჩემთვის გავლილი ეტაპია, მე არ ვარ კონკურენტი არც სალომე ზურაბიშვილის და არც არავისი
მიხეილ სააკაშვილი - რა ტილაობაა ჩემთვის თანამდებობები საქართველოში, ეს ჩემთვის გავლილი ეტაპია, მე არ ვარ კონკურენტი არც სალომე ზურაბიშვილის და არც არავისი

რა ტილაობაა ჩემთვის თანამდებობები საქართველოში, პოლიტიკოსებს მივმართავ, მართლა გჯერათ, რომ რომელიმე თქვენგანის კონკურენტი ვარ? ეს ჩემთვის გავლილი ეტაპია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ის არც სალომე ზურაბიშვილის და არც რომელიმე სხვა პოლიტიკოსის კონკურენტი არ არის.

„რამდენიც არ უნდა გაჩუმდნენ პოლიტიკოსები, ქართველი ხალხი აზრზეა მოსული და ძალიან კარგად იცის, მათ შორის ის, თუ რა უსამართლობის მსხვერპლი გავხდი მე. მე მინდა, ყველა ვუთხრა, სინდისიც კაი საქონელია. ხანდახან ვიფიქროთ იმაზე, რომ სამართალი არ შეიძლება, იყოს შერჩევითი. იმდენი დაგაბოლეს ამ ცხრა წლის ძახილით, პირდაპირ დაგვაყენეს 90-იან წლებში. მხედრიონს მეტი ინტელექტი ჰქონდა სხვათა შორის. ყველას შეუვარდებიან, ყველას გადაუვლიან. ხანდახან ვფიქრობ, რომ მართლა ბნელა, მაგრამ ზუსტად ვიცი, საქართველო გაიმარჯვებს. ზუსტად ვიცი, ეს მოძრაობა შეუქცევადია. ​მე უკრაინის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი, უკრაინის მოქალაქე ვარ და უკრაინაში მთავაზობდნენ თანამდებობებს და მომავალშიც შემომთავაზებენ. რა ტილაობაა ჩემთვის თანამდებობები საქართველოში. პოლიტიკოსებს მივმართავ, მართლა გჯერათ, რომ რომელიმე თქვენგანის კონკურენტი ვარ? ეს ჩემთვის გავლილი ეტაპია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ამ ახალ თაობას გავუხსნათ ხელი. ეს არის ჩემი მიზანი. მე არ ვარ კონკურენტი არც სალომე ზურაბიშვილის და არც არავისი, ვისაც ჩემი ციხეში ყოფნა უნდა, ვაითუ გამოვიდეს და მიშა წაიღებს ყველაფერს. რას წავიღებ. მინდა, დავეხმარო ჩემს ხალხს, დაასრულოს დიქტატურა. თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა მაქვს სხვა ქვეყნებში, ბევრად უფრო დიდში, მდიდარში. მიხარია, რომ ყველა მიხვდა, ესენი თავისით წამსვლელები არ არიან, საჭიროა მიწოლა, მშვიდობიანი, მაგრამ აგრესიული. ამათ ყველა წესი დაარღვიეს. შეხედეთ, რას დაამსგავსეს ქვეყანა, რა სასამართლოები დგება. თქვენ დაამთავრებთ, მოსამართლევ, ძალიან ცუდად. თქვენ  შეიძლება, ხვალ მომისაჯოთ სამუდამო პატიმრობა, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, ყველა დაამთავრებთ ძალიან ცუდად. თქვენ წარდგებით არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. თქვენ ხართ მკვლელები, ანადგურებთ ქართულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.