მიხეილ სააკაშვილი - რა თანამდებობებზე ფიქრობთ, ხალხო, ყველაფერი უკან დაგვრჩება, საქართველო აღარ გვექნება
მიხეილ სააკაშვილი - რა თანამდებობებზე ფიქრობთ, ხალხო, ყველაფერი უკან დაგვრჩება, საქართველო აღარ გვექნება

მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფა არ არის სწორი, ეს ყველასთვის გასაგებია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით  განაცხადა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მას ამ ეტაპზე არ შეუძლია თქმა, იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რადგან, მისივე თქმით, „ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის“.

„მე შეიძლება, ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ, გაეცნოთ უკრაინულ პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია. ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ საქართველო აღარ გვექნება. საქართველო, როგორც ქვეყანა, გაქრება. საქართველო, როგორ ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან. სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა ივანიშვილს მსოფლიო რადარებიდან. მე ძალიან ნათლად ვარ ყველა მსოფლიო რადარზე და საქართველო აღარ არის მსოფლიო რადარებზე. განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტიკოსისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ერთი პიროვნება. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება გადარჩენა, მობილიზება, ძალიან სწრაფი მოქმედება. ამ არჩევნებზე ივანიშვილს წერტილი უნდა დავუსვათ და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა აღმშენებლობა. მეცინება, როდესაც ხალხი საუბრობს თანამდებობებზე. რა თანამდებობებზე ფიქრობთ, ხალხო, ყველაფერი უკან დაგვრჩება, საქართველო აღარ გვექნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებზე ქართველი ხალხი გაარკვევს, როგორი იქნება საქართველოს მომავალი.

„მე ყველა ჩვენს თანამებრძოლს ვცემ პატივს, მაგრამ როგორ და რა იქნება, ამას ქართველი ხალხი გაარკვევს. ყველა პარტია დაასახელებს საკუთარ პრიორიტეტებს. არ გავუსწრებ მოვლენებს. დრო ცოტაა. ახლა ჩვენ ივანიშვილის დამარცხებაზე უნდა ვმუშაობდეთ და არა იმაზე, რომ რაღაცებს ვარჩევდეთ. მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფა არ არის სწორი, ეს ყველასთვის გასაგებია. მესმის, რომ ამაზე საუბარიც უნდა იყოს, მაგრამ მგონია, რომ მაინც მეათეხარისხოვანია ხალხისთვის ეს ყველაფერი. ხალხისთვის რელევანტურია, რომ პრაქტიკულად უმძიმესი შიმშილის წინაშეა საქართველო, განადგურებულია ტურიზმი, საქართველოს მოსახლეობა შემცირდა ერთი მილიონი ადამიანით“, – განაცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.