მიხეილ სააკაშვილი - რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ ბიძინა ივანიშვილს და რას დაამსგავსა
მიხეილ სააკაშვილი - რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ ბიძინა ივანიშვილს და რას დაამსგავსა

დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, ის ცდილობს, თავისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, რადგან ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულში, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, ოლიგარქმა წააგო სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს არ ეკადრება ქართველ ხალხს.

„ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თავად. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს, რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. მთავარ ხელისშემშლელად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და ეს ძალიან ნიშანდობლივია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხვებში, იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება, სერიოზულად ლიდერობს. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვმართებს ახლა როგორც არასდროს, გაერთიანება, რადგან გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ, საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და აქვს უნარი, ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, ბევრად მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს მათი, მაგრამ როცა ის გვპირდება, რომ სექტემბრიდან დაიწყებს რაღაც დალაგებას, გავიხსენოთ, რომ 2016 წელსაც ასე იძახდა, შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ასე იძახდა. ყოველ ჯერზე სულ ახალი უბედურებები ხდებოდა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო, აღარ აქვს ბინძური ოლიგარქის ხუშტურებზე დასახარჯი დრო, საქართველო არის ძალიან დიდი პერსპექტივის ქვეყანა, საქართველო ძალიან სწრაფად გადალახავს ეკონომიკურ სიძნელეებს, სწრაფად წავა წინ თითოეული ქართველი.

„ყველაფერი გამოგვივა. ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არდახევა და მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. აქედან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები ახალი, ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს ეს ოლიგარქი, ძველი ოლიგარქი ივანიშვილი, თუნდაც ახალი ოლიგარქი, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში და თავის გეგმებს ასახელებენ, იგივე ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება. საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი უნდა იყოს ბატონ-პატრონი და არა ვინმე ფულის ტომარა, რომელიც საკუთარ ჯიბეზე მოარგებს საქართველოს. ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.