მიხეილ სააკაშვილი - ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში

ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალება უნდა მომეცეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

სააკაშვილი მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის იდეალური საარჩევნო სისტემა არ იქნება, თუმცა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ბევრად უკეთესი სისტემის მიღება შეიძლება.

ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ.

„რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტმატიმრების ნაწილის გამოსვლა და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს, და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური, პოლიტიკური პროცესი. იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ გავანგრევთ, დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღებაც. ახლა მთავარია მობილიზება და შეტევა, გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა“ ,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.