მიხეილ სააკაშვილი - პუტინისთვის სრული კატასტროფაა, სასამართლომ რომ გამათავისუფლა
მიხეილ სააკაშვილი - პუტინისთვის სრული კატასტროფაა, სასამართლომ რომ გამათავისუფლა

მინდა, ვაჩვენო უკრაინელებს არა ის, რა შემიძლია, არამედ ის, თუ რა შეუძლიათ მათ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ რუსულენოვან სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, სურს თუ არა იყოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

„რომელ მონაკვეთზეც გადამაგდეს უკრაინული სახელმწიფო, იქ წავალ. ახალ უკრაინულ სახელმწიფოში, ახალ უკრაინულ პოლიტიკურ კლასში. პრეზიდენტი ნამდვილად არასდროს ვიქნები.პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უკრაინაში დაიბადა და მთელი ცხოვრებით მასთან არის დაკავშირებული. მეც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას მივუძღვენი, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მე ვიქნები იქ, სადაც გადამისვრიან. მინდა, ვაჩვენო უკრაინელებს არა ის, რა შემიძლია, არამედ ის, თუ რა შეუძლიათ მათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, პოლიტიკოსებმა საკითხები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყვიტონ.

„თუ ეს არ გამოვა, მაშინ პრეზიდენტი პოროშენკო თავის საქმიანობას სამწუხაროდ დაამთავრებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ უკრაინაში მესამე მაიდანი არ სურს.

მიხეილ სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის მიერ შემაჯამებელ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.

„პუტინს აქვს მკაფიო ასოციაციები. მან წარმოიდგინა, რომ აპატიმრებს ნავალნის, ამის შემდეგ კი მოსკოვის ცენტრში ახალგაზრდა სიმპათიური ხალხის დიდი ჯგუფი მიდის და შიშველი ხელებით ესხმის თავს მის სპეცრაზმს, ათავისუფლებენ ნავალნის და ხელით შეყავთ კრემლში. პუტინს ეწყება ისტერიკა, როდესაც  წარმოიდგენს, რომ გარკვეულ მომენტში მისი პოლიცია წინააღმდეგობას არ გაუწევს ხალხს, ხოლო ხალხი იქნება იმდენი, რომ უბრალოდ წალეკავენ მას. პუტინის მეორე ასოციაცია უკავშირდება იმას, რომ სასამართლომ მე გამათავისუფლა. პუტინისთვის ესეც სრული კატასტროფაა. ვიღაც მოსამართლემ გაბედა და არ დაემორჩილა ქვეყნის პრეზიდენტს. რუსეთში ასეთი რამე ადრე თუ გვიან შესაძლოა, მოხდეს. მესამე ასოციაცია ის არის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მისი არ ეშინიათ“, – ამბობს „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი.

ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს რუსული ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მიმართ დამოკიდებულებაზეც ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა, რომ ნავალნი რთული ფიგურაა.

„არ ვფიქრობ, რომ ნავალნი რუსეთის მომავალია. ერთი ფეხით ის მომავალშია, რადგან მის უკან ახალგაზრდობა დგას. მეორე ფეხით კი მაინც წარსულშია. ნავალნის წარმატების რეცეპტი მდგომარეობს იმაში, რომ ორივე ფეხით რუსეთის მომავალში იდგეს, არ დაამციროს სხვები, არ ითამაშოს ნაციონალიზმის, სხვა ქვეყნებზე თავდასხმის თამაშები. თუ ოდესმე ნავალნი რუსეთის სათავეში მოვა, ეს უნდა იყოს სხვა რუსეთი, რომელიც სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებიდან წავა, რომელიც იქნება თანამედროვე, ნორმალური ქვეყანა. ნორმალური ქვეყანა ვერ იქნება იმპერია, რომელიც იპყრობს, ყლაპავს უცხო ქვეყნებს“, – ამბობს სააკაშვილი.