მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტ ზელენსკის უნდა დავეხმაროთ, მას ეს სჭირდება
მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტ ზელენსკის უნდა დავეხმაროთ, მას ეს სჭირდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დახმარება სჭირდება.

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

როგორც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, ზელენსკის დახმარება ესაჭიროება პარლამენტში და საკადრო პოლიტიკაში.

„ვხვდები, რომ ახლა ზელენსკის უნდა დავეხმაროთ, რადგან თუ მას არ გამოუვა, მაშინ მთელ უკრაინას არ გამოუვა. ამიტომ, მას უნდა დავეხმაროთ პარლამენტშიც და კადრებითაც. ამიტომ აუცილებელია, რომ მხოლოდ დამკვირვებლები არ ვიყოთ და პროცესში ვმონაწილეობდეთ“, – აცხადებს სააკაშვილი.

ვიდეომიმართვაში ის ვლადიმირ კლიჩკოს პარტია „უდარისხელმძღვანელად მიწვევისთვის მადლობას უხდის, თუმცა აცხადებს, რომ კლიჩკოს შეთავაზებას ის მხოლოდ იმ შეთხვევაში მიიღებს, თუ ეს პარტია პოროშენკოს ხალხისგან და კორუმპირებული ადამიანებისგან გაიწმინდება.

„ჩემს პარტიას „ახალ ძალთა მოძრაობას“ აქვს პრობლემები რეგისტრაციაში. ამიტომ მივმართე პოლიტიკურ ძალებს და დახმარება ვთხოვე. ამ თხოვნას გამოეხმაურა კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. კლიჩკოს მერის თანამდებობაზე საქმიანობას დადებითად ვაფასებ, მაგრამ თუ პარტია „უდარში“ შესვლა გადავწყვიტეთ, ეს პარტია უნდა შეიცვალოს. დღეს იქ არის ხალხი, რომელიც ბოლო მომენტამდე იყო პოროშენკოსთან. მეც კი ვიყავი პოროშენკოსთან. მაგრამ ერთია, როდესაც პოროშენკოსთან სამი წლის წინ დგახარ და როდესაც დგახარ პოროშენკოსთან მაშინ, როდესაც ის უკრაინელი ხალხის მტრად ჩამოყალიბდა. ამიტომ, თუ საპარლამენტო არჩევნებზე ერთად გადავწყვეტთ გასვლას, მაშინ ამ ხალხისგან უნდა გავთავისუფლდეთ. ასევე, პარტიაში არიან კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც უნდა მოხვდნენ გისოსებს მიღმა. ეს არის განახლების და გაერთიანების პრინციპული მოთხოვნა“, – აცხადებს სააკაშვილი.