მიხეილ სააკაშვილი – მთლიანად თუ ჩამკეტავთ და ხალხს არ დამანახებთ, არა უშავს, უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, ლაპარაკობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს, როგორც მიშას, ჩემი ნააზრევი დაიდება მასზე
მთლიანად თუ ჩამკეტავთ და ხალხს არ დამანახებთ, არა უშავს, უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ. ლაპარაკობს, როგორც მიშა საუკეთესო დროს, მიხვრა-მოხვრა აქვს, როგორც მიშას და მთლიანად ჩემი ნააზრევი დაიდება მასზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი მმართველობა ქვეყანაში მოიტანს სამართლიანობას.
„ასე რომ, ჩამკეტეთ, რამდენიც გინდათ, მე გამოვალ ამ ციხიდან. რაც უფრო დიდხანს მამყოფებთ, მით უფრო დიდია ალბათობა ამის. გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც ბრაზილიის დღევანდელი პრეზიდენტი გამოვიდა ციხიდან და გახდა პრეზიდენტი ისევ, როგორც მალაიზიის დღევანდელი პრემიერი პირდაპირ ციხიდან გახდა პრემიერი. თქვენ გააკეთებთ ამას, მოიტანთ „ვარდების რევოლუცია ორის“ როლს და ფუნქციას, ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ჩემი ფუნქცია არ არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. ჩემი ფუნქციაა, ჩემთან ერთად მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს დამოუკიდებელი კურსი, სწრაფი განვითარება, თვალში გამოვახედოთ თითოეულ ქართველს. ჩვენ მოვიტანთ სამართლიანობას – ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალი მმართველობა არ იქნება მუდმივი რეპორტაჟით სასამართლოსა და ციხის კარებზე, ისევე როგორც არ იქნება ნიუსი მორიგი ობიექტის დანგრევაზე, იქნება მხოლოდ აღმშენებლობა. იმ სიმახინჯესაც კი არ დავანგრევთ, რაც ივანიშვილმა და კალაძემ ჩადგეს თუნდაც ამ ქალაქში. არ ვივლით ერთსა და იმავე საშინელ წრეზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.