მიხეილ სააკაშვილი - მთავარია არა ბოდიში, არამედ შეცდომების გამოსწორება და მინდა, მოგვეცეს ამის საშუალება
მიხეილ სააკაშვილი - მთავარია არა ბოდიში, არამედ შეცდომების გამოსწორება და მინდა, მოგვეცეს ამის საშუალება

რა თქმა უნდა, მე დავუშვი ბევრი შეცდომა, ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო, მეორე მხრივ, ვინც არაფერს აკეთებს, ის შეცდომებს არ უშვებს და ზოგიერთი საერთოდ არაფერს აკეთებს და მხოლოდ შეცდომებს უშვებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში მისი მმართველობის დროს იყო ბევრი შეცომები და დიდი მიღწევებიც.

„ჩვენ გვქონდა შეცდომები და დიდი მიღწევებიც, ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს უწოდა მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის შუქურა. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც შენატროდა მთელი რეგიონი და მთელი მსოფლიო, ეს ხომ ნამდვილად იყო. ამავე დროს იყო ბევრი შეცდომები და მინდა, ამ შეცდომებისთვის კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ყველას გულწრფელი ბოდიში. მარტო ბოდიში არ კმარა, მთავარი ბოდიში კი არ არის, მთავარია, ამ შეცდომების გამოსწორება. მინდა, გვქონდეს და მოგვეცეს საშუალება შეცდომების გამოსწორების, ბევრად მეტი რაღაცის მიღწევის და გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველისთვის. სიღარიბის გადალახვა, ოჯახების წამოწევა, ხალხის წამოწევა, სიმდიდრისა და დოვლათის შექმნა, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ამის პოტენციალიც არსებობს და ამის უნარიც მთელი გამოცდილების გათვალისწინებით, პირადად ჩემში არსებობს და მე ამას ვგრძნობ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.