მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება
მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება

ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას, შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საჭიროა ბრძოლის ბოლომდე მიყვანა.

„დღეს ხაბეიშვილის განაჩენს აცხადებენ. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმს მიუსჯიან. მინდა, აქედან გავამხნევო. იმ კაცს წყნარად სძინავს, თუ ყველა პატრიოტი მებრძოლი ციხეში ჰყავს. ლევან, ნუ შეგეშინდება, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვართ და საქართველო ამას გადაიტანს. საქართველოს ბედი ასეთია, რომ ყველაფერი პირველი აქ ხდება. ჩვენ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ესაა ჩვენი ხვედრი, ქართველი ხალხის ხვედრი. სპექტაკლის მონაწილეებად გვაქციეს. რუსთაველზე, სასამართლოზე რაც ხდება, ძალაუფლების სპექტაკლია, ძალაუფლების დემონსტრირებისთვის იყენებს ივანიშვილი. ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას, შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი. ვინ არიან ეს მართლა აკაცუკები, რომლებიც ატერორებენ ხალხს? ივანიშვილს სტაფილოს წვენი დასაძინებლად აღარ შველის, თუ ციხეში არ არიან პატრიოტები და მებრძოლები.

მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, რადგან, მიუხედავად უკრაინაში დალხენილი ცხოვრებისა, შეუძლებელი იყო, ჩემი ქვეყნის ასე დაკნინებისთვის მეყურებინა. მარტივი არ იყო ჩამოსვლა, იმ გაგებით, რომ რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი. ჯერ პირველად როცა მოვდიოდი 2020-ში, გადასცა ჩემი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას. როდესაც ჩვენ იახტით მოვადექით საქართველოს, ბათუმში განგაში გამოცხადდა, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და უკან გაბრუნება მომიწია. მეორეჯერ უნდა დამხვედროდა აქ როცა ჩამოვედი, არათუ არ დამხვდა, არამედ ზუსტად ორ საათში რუსეთის დავალებით მთელი ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურას. ის შემდეგ სხვა პროვოკაციებში მონაწილეობდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ღალატი იყო და იქნება, მთავარია, ამას ჩვენ არ შევეგუოთ, მთავარია, ჩვენ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე.

საქართველო არაა პატარა სოფელი, ვინც იქ ცხოვრობს, შემოავლო ღობე და აგებინო პასუხი. ყველაფერი გააკეთეს, რომ ესენი აღარ იყვნენ და მოვიშოროთ ჩვენ კიდევ, ხალხი მზად არაა და ა.შ. საჭიროა მიწოლა, ციხის არშეშინება, ჩემი ყველაზე პროდუქტიული წლები გავატარე ციხეში, თქვენ ხართ მშიშრები, მე არაფრის მეშინია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ერთიანობის მოწოდებით და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს 26 მაისის აქციას.

„დარწმუნებული ვარ, ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ. მხარს ვუჭერ 26 მაისის აქციას. ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ. შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა. ბოლომდე წასვლა უნდა იყოს, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება, საქართველოს ხარჯზე ამ ხალხმა გაიკეთა კარიერა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.