მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ ქუჩაში მყოფ თანამოქალაქეებს, არ მოისვათ არცერთი პოლიტიკოსი თავზე, არ გჭირდებათ მითითება თუნდაც ისეთი ძველი რევოლუციონერისგან, როგორიც მე ვარ
მივმართავ ქუჩაში მყოფ თანამოქალაქეებს: ეს არის მთლიანად თქვენი ბრძოლა. ეს არ არის არავის საკუთრება. ვერცერთი პოლიტიკოსი ამას ვერ მოაჯდება და არ მოისვათ არცერთი პოლიტიკოსი თავზე. ვერავინ მოაჯდება ამ ტალღას, ვერავინ მიიწერს ამას საკუთარ თავზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები იბრძვიან მთავარი ინსტინქტისთვის და მთავარი უფლებისთვის – თავისუფლებისთვის.
„ამ ბრძოლაში თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ, რადგან ძალიან მარტივია – იზოლატორები გადავსებულია, სპეცრაზმი იშლება, დამგეგმავი ამ ოპერაციის გაექცათ, არიან წკიპზე, მიმდგარან კუთხეში და მთავარია, ამ კუთხიდან არ გამოუშვათ. ისე ბრწყინვალედ ხართ თვითორგანიზებული, თქვენ არავისგან არანაირი მითითება არ გჭირდებათ, თუნდაც ისეთი ძველი რევოლუციონერისგან, როგორიც მე ვარ. თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ. მთავარია, კიდევ უფრო მეტად მიაწვეთ.
ქართველი ხალხი არ მოირგებს არანაირ უნაგირს ამ ოლიგარქიული, რუსული კოლონიზატორული რეჟიმის დადგმულს. საქართველო არის ახლა საკუთარ ეგზისტენციალურ ბრძოლაში.
ეს არის ზვავის დასაწყისი. ზვავი ერთხელ და სამუდამოდ გაიტანს ავტორიტარიზმს და დიქტატურას საქართველოში. დიქტატურა საქართველოში ვერ გავა, გავალთ ბოლომდე, გავიმარჯვებთ სახელოვნად. თქვენთან ერთად ვარ, ერთად ვიბრძვით. ჩვენ ვართ მსოფლიო დემოკრატიის ბრძოლის აბსოლუტურ წინა ხაზზე და ამას წყალი არ გაუვა“, – განაცხადა სააკაშვილმა.