მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ ქართველ ახალგაზრდებს, თქვენ ხომ არ გინდათ, საბანძეთისა და ბანძუსტანის რაღაც თაობა იყოთ, ამისთვის საჭიროა, დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს
მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ ქართველ ახალგაზრდებს, თქვენ ხომ არ გინდათ, საბანძეთისა და ბანძუსტანის რაღაც თაობა იყოთ, ამისთვის საჭიროა, დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს

მივმართავ ქართველ ახალგაზრდებს, თქვენ ხომ არ გინდათ, საბანძეთისა და ბანძუსტანის რაღაცა თაობა იყოთ, ამისთვის საჭიროა, დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ის ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრებს მართავს სენატორებთან და კონგრესის წევრებთან, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოზე ლაპარაკი მობეზრდათ.

„მინდა, მივმართო ქართველ ახალგაზრდებს. ახლა ვარ ვაშინგტონში, საიდანაც მრავალი წლის წინ მივატოვე ჩემი დოქტორანტურა, წავედი ნიუ იორკში, გავფრინდი ჩაბნელებულ, განადგურებულ საქართველოში და დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ საქართველო წამოგვეწია წინ. ეს იყო მრავალი წლის წინ.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშურს თქვენი, რადგან თქვენ ხართ ჩვენზე უფრო ნიჭიერებიც, უფრო ინფორმირებულები, ჩვენზე უფრო წინ წასულები და ჩვენზე უფრო თავისუფლებიც. უბრალოდ, გუშინ და დღეს დავდივარ ამერიკაში, ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ყველა მეუბნება, ბევრი ამბობს, რომ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი. არადა იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა, თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, ყველაზე განსაკუთრებულები… ხალხო, მართლა გავწიოთ გვერდზე ყველა პოლიტიკოსი, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების სახელები და გვარები. ერთი რამ მაინტერესებს, გვინდა თუ არა, რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის. ეს ხომ უცვლელი კატეგორიაა. ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები და წარმომადგენლები იყოთ. თქვენ ხომ არ გინდათ, საბანძეთის და ბანძუსტანის რაღაცა თაობა იყოთ. ამისთვის საჭიროა, დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, არა სააკაშვილს. ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება, ქვეყანას ახლა სჭირდება თქვენი აქტიურობა, თქვენი დრაივი, რადგან ძალიან მაგრები და ნიჭიერები ხართ. თქვენ უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის. მე ასე მგონია. მე არაფრისკენ მოგიწოდებთ, ნაღდად არ ვაპირებ ჭკუა გასწავლოთ, რადგან ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი. უბრალოდ, იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს უნდა დაუბრუნოთ. თქვენ უნდა დაუბრუნოთ და აქ რომ ჩამოხვალთ, თავაწეულებმა უნდა იაროთ. არანაირი მორიგი რაღაც „ჭ“ კლასის ქვეყანა ჩამოვიდა და რაღაცას წუწუნებს აქ, რაც ამ ბოლო ხანებში ხშირად მესმის. აბა, თქვენ იცით. იმედი მაქვს თქვენი, ძალიან გადამწყვეტი დრო უდგას ახლა საქართველოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.