მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ ბევრ ადამიანს, ვინც არ მეთანხმება პოლიტიკურად, მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრი ხართ უკმაყოფილო, მზად ვარ, შევხვდე კიდეც  მათ, განვიხილო და ვაღიარო, სად არ ვარ მართალი
მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ ბევრ ადამიანს, ვინც არ მეთანხმება პოლიტიკურად, მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრი ხართ უკმაყოფილო, მზად ვარ, შევხვდე კიდეც მათ, განვიხილო და ვაღიარო, სად არ ვარ მართალი

მივმართავ ბევრ ადამიანს, ვინც არ მეთანხმება პოლიტიკურად, მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრი ხართ უკმაყოფილო, მზად ვარ, შევხვდე, განვიხილო კიდეც ეს და ვაღიარო, სად არ ვარ მართალი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც მის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდიოდნენ, ძალიან ამხნევებდნენ.

„მინდა, მივმართო ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც არ მეთანხმება პოლიტიკურად. მარტო ჟურნალისტებზე არ მაქვს საუბარი, ბევრ ადამიანს. მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრი ხართ უკმაყოფილო, ჩვენ ჩავატარეთ ცვლილებები და რეფორმები, რომელშიც ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და ეს არ იყვნენ მარტო კორუმპირებული პოლიციელები თუ ლექტორები, რომელიც მისაღებ გამოცდებს ჰყიდდნენ, ინსტიტუტებში ადგილებს, ეს იყვნენ ჩვეულებრივი წესიერი ადამიანებიც, რომლების სამსახურები შემცირდა, გადაჯგუფდა. შემდეგ მოხდა ასაკობრივი დისკრიმინაცია, რადგან ბევრი ახალგაზრდა მინისტრი მოვიდა და იმათ უფრო ახალგაზრდებთან ერჩივნათ მუშაობა. ახლა ჩემი ასაკის გადმოსახედიდან ეს იყო განსაკუთრებით დიდი უსამართლობა. მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ესენი აპირებენ, ცოცხლად დამმარხონ და 11 წელი ვიყო, შემდეგ კიდევ რამე მომისაჯონ, მეც მიმაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაცია, მე ამ ხალხის მესმის, რატომ არის გაბრაზებული ჩემზე. მესმის და მზად ვარ, შევხვდე, განვიხილო კიდეც ეს და ვაღიარო, სად არ ვარ მართალი. მაგრამ მეგობრებო, ვიდრე ახლა ვარ ჩემივე სამშობლოში ვლადიმერ პუტინის მძევალი, ვიდრე ამ გისოსის უკან ვარ, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემ მიერ საკუთარი სიმართლის დაცვა ან თქვენი სიმართლის ასე თავისუფლად გაზიარება. დააკვირდით, რომ ეს ლურჯად არის შეღებილი? აქედან ყავისფერია, ეს ლურჯადაა და არა მგონია, რომ შემთხვევით არის ლურჯად შეღებილი, ეს ლურჯი სამართალი, ე.ი სრული უსამართლობა, „ოცნების“ ფერის სრული უსამართლობა.

მთავარი, მინდა, უბრალოდ მოგიყვეთ, თქვენ განიცდიდით ყოველ წამს და თქვენი ტელევიზიაში გამოსვლები მამხნევებდა, ხალხის ქუჩაში გამოსვლა ძალიან მამხნევებდა. თითოეული თქვენგანის აქ მჯდომის მიმართვა ძალიან მამხნევებდა, მაგრამ, როდესაც გონება დავკარგე და როდესაც გასაგები იყო, რომ მართლა როგორც თქვა ელენე ხოშტარიას დედამ, რომ სააკაშვილი გადადებულია და ბრძანება იყო, უნდა მოვეკალი, ერთადერთი, რამაც ეს შეაჩერა, არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, არამედ იყო ხალხის სულ უფრო დიდი ნაკადი ქუჩაში, იყო მედიის ერთი ნაწილის სრული კონსოლიდაცია, რომელზეც გადართო ხალხმა ტელევიზია, რადგან იქ ითქმებოდა სიმართლე. როდესაც გონება დავკარგე და მეორე დილას ძალიან ცუდად ვიყავი, თვლიდნენ ექიმები, როგორც ამას წინათ ერთ-ერთმა მითხრა, რომ სიცოცხლის ორი-სამი დღე მქონდა დარჩენილი. დილის 7:00 საათზე მომიწყვეს შუმოკი, თან როგორი, ე.ი. წინა შუმოკები იყო უბრალოდ ჩემი დედის გინება, ხმაური და ახლა იყო – მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ, დაიწყო კარებებმა ბრახუნი, ბადრაგი არსად იყო და არც ერთი სამედიცინო პერსონალი, თითქმის ერთი საათის განმავლობაშიიყო სრული შთაბეჭდილება, რომ ანგრევენ კარებებს და შემოდიან. ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად დადგმული, დაორგანიზებული ნაწილი იმ წამებისა, რომელიც იქ ხდებოდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.