მიხეილ სააკაშვილი – მეც გავხსენი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ვაწარმოებდი განათლების რეფორმას, უბრალოდ, დავით აღმაშენებელს ჩემთან მიმართებაში მეტად გაუმართლა
გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ალიანსი ჯვაროსნებთან, გელათის აკადემიის გახსნა, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, რუის-ურბნისის კრება. მეც გავხსენი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ვაწარმოებდი განათლების რეფორმას, უბრალოდ, დავით აღმაშენებელს ჩემთან მიმართებაში უფრო მეტად გაუმართლა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო დიდი საფრთხის ქვეშაა.
„ჯარი არ გვყავს, დრონებზე უარი ითქვა, პირველები ვიყავით, ვინც ამაზე მუშაობა დავიწყეთ. მთლიანად რუსულ აგენტურას აქვს მოცული ყველაფერი. ამ ვითარებაში ვიღებთ მდგომარეობას, როცა საქართველო დიდი საფრთხის ქვეშაა. სომხეთში რუსეთს ფაშინიანის ჩამოგდება უნდა, საქართველოს გაკონტროლებას 5 000-კაციანი ჯარი უნდა, რაც რუსეთისთვის პრობლემა არაა. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და დაიშლება, შემდეგ მოგვადგებიან ჩეჩნები და ასე შემდეგ. რანაირად უნდა დავიცვათ თავი, როცა არაფერი გვაქვს. ამიტომ, ივანიშვილის ე.წ. მშვიდობა არის დიდი უბედურება. ის მოასწავებს ძალიან დიდ საფრთხეებს საქართველოსთვის. იმისთვის, რომ მივხვდეთ, სად ვართ ისტორიულ კონტექსტში, კარგად უნდა გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ალიანსი ჯვაროსნებთან, გელათის აკადემიის გახსნა, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, რუის-ურბნისის კრება. შემდეგ იყო თამარი… პოლიტიკური პროცესები წავიდა საქართველოში ისევე, როგორც ადრეული აღორძინების ხანის მსგავსი პროცესები დაემთხვა საქართველოს, რომლის მწვერვალი იყო შოთა რუსთაველი. მეც გავხსენი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მეც ვაწარმოებდი განათლების რეფორმას, უბრალოდ, დავით აღმაშენებელს ჩემთან მიმართებაში ჯერჯერობით უფრო მეტად გაუმართლა. დავითის დროს თურქ-სელჩუკები ჩამოიშალნენ და 30 წელზე მეტი დასჭირდა დავითს თბილისის დაბრუნებისთვის. ჩვენ ზუსტად ასევე გვაქვს აფხაზეთი დასაბრუნებელი, გარდა იმისა, რომ დანარჩენი საქართველოც გვაქვს დასაბრუნებელი. დააკვირდით, რა ხდება, ივანიშვილმა აფხაზეთის მახსოვრობა საერთოდ მოგვპარა. ჩვენ დროს, სულ აფხაზეთზე იყო ლაპარაკი. აფხაზეთის ჩათვლით საქართველოს შავი ზღვის სანაპირო არის 210 კმ და აფხაზეთის გარეშე – 100 კმ. ამიტომ, აფხაზეთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.