მიხეილ სააკაშვილი - მამუკა ხაზარაძეს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ
მიხეილ სააკაშვილი - მამუკა ხაზარაძეს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ

მამუკა ხაზარაძეს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„თურმე კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა „განკულაკება“ ყოფილა და არა ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები. მინდა მათ ვუთხრა, ვინც ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ. ერთი ყაჩაღით მეორეს ჩანაცვლება არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება, მტაცებლებისგან და რეკეტირებისგან ბიზნესისა და საზოგადოების გათავისუფლებაა.

რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს დღესაც ხელს მოაწერდა.

„იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერ. გულწრფელი ვიყავი. ერთი მხრივ, ყოფილი ლიდერი გაკულაკებით გვემუქრებოდა, მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 2 ნოემბერს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია, საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და ქაოსი გამოიწვიოს. წერილში ის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად წარმოაჩინა მოსახლეობის შეცვლილი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ.