მიხეილ სააკაშვილი - ლაპარაკობდნენ, სააკაშვილმა 9 მილიარდი მოიპარაო, ხალხი დახოცა, უამრავი ვაჟკაცი გააუპატიურაო, ბოლოს მასამართლებენ საქართველოში დაბრუნებისა და პიჯაკებისთვის
ლაპარაკობდნენ, სააკაშვილმა 9 მილიარდი დოლარი მოიპარაო, უამრავი ხალხი დახოცა, უამრავი ვაჟკაცი გააუპატიურაო, ბოლოს მასამართლებენ საქართველოში დაბრუნებისთვის, პიჯაკებისთვის და საპრეზიდენტო ოფისის სხვადასხვა ხარჯისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, სასაცილოა, როცა ვიღაცები თვალს არიდებენ პოლიტპატიმრების რიცხვში მის ხსენებას.
„სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რისთვის ვარ მე აქ. გახსოვთ, რომ ლაპარაკობდნენ, 9 მილიარდი დოლარი მოიპარაო, გახსოვთ, ლაპარაკობდნენ, რომ სააკაშვილმა უამრავი ხალხი დახოცა, უამრავი ვაჟკაცი გააუპატიურაო და ა.შ. ბოლოს რაზე მასამართლებენ – საქართველოში დაბრუნებისთვის, პიჯაკებისთვის და საპრეზიდენტო ოფისის სხვადასხვა ხარჯისთვის. ჰგონიათ, რომ ოლიგარქი უკვე მოიშორეს და ახლა მთავარია, სააკაშვილი არ უნდა მოუშვან არსად. ჯერ ერთი, არსად მოვდივარ და არსაიდან მოშორება არ მჭირდება. ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა, მყავს ბევრი მომხრე. ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი სახელის ხსენებას ერიდებიან ტელევიზიები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.