მიხეილ სააკაშვილი - კურჩენკოს არ ვიცნობ, სამაგიეროდ კარგად ვიცნობ პუტინს
მიხეილ სააკაშვილი - კურჩენკოს არ ვიცნობ, სამაგიეროდ კარგად ვიცნობ პუტინს

ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ არ იცნობს უკრაინელ ბიზნესმენს სერგეი კურჩენკოს, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის ვერსიით, უმაღლეს რადასთან სააკაშვილის აქციებს აფინანსებდა.

„ეს ფილმი კურჩენკოს მონაწილეობით უკვე ნანახი მაქვს, როდესაც შსს-მ ყალბი ვიდეო დაამზადა რუსი ოლიგარქის მაზეპინის მონაწილეობით. კურჩენკოს პირადად საერთოდ არ ვიცნობ, ისიც ცუდად ვიცი, ვინ არის, სამაგიეროდ კარგად ვიცნობ პუტინს, პირდაპირ მასთან საუბრები უნდა გამოექვეყნებინათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმ ბანაკის წევრები, რომლებსაც თითქოსდა კურჩენკო სექტემბრიდან აფინანსებდა, ახდენენ კურჩენკოს, მედვედჩუკისა და პოროშენკოს ნავთობსადენის ბლოკირებას.

კურჩენკო აფინანსებს ბანაკს, რომელიც მისსავე ნავთობსადენს ბლოკავს?! პირველი სახალხო დეპუტატი, რომელმაც ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა და მასალები გამოაქვეყნა,  იყო იური დერევიანკი“, – წერს „ახალ ძალთა ერთობის“ ლიდერი.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის მიხეილ სააკაშვილი ყოველ თვე მილიონ დოლარს მიიღებდა. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული თანხის გადარიცხვაზე შეთანხმება რუსეთში მყოფ უკრაინელ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსთან შედგა.