მიხეილ სააკაშვილი - გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულება და ნიჰილიზმი, ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა, ბნელი შეიცვლება ნათელით, ბოროტს სძლევს კეთილი
მიხეილ სააკაშვილი - გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულება და ნიჰილიზმი, ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა, ბნელი შეიცვლება ნათელით, ბოროტს სძლევს კეთილი

ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

სააკაშვილის თქმით, საქართველო უნდა იყოს ევროპული ქვეყანა, რომლითაც ყველა იამაყებს.

„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ. ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ. ჩვენს სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, რომლითაც ვიამაყებთ და სადაც ცხოვრება იქნება შესანიშნავი. რატომ ვარ დღეს საქართველოში. მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც ჩემს ძალიან ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ, როგორ მასობრივად გარბის ჩემი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილიც მირჩევია. ამიტომაც ვარ აქ. აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის, ნგრევის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდგე ივანიშვიილს რეჟიმს, რომელიც პუტინის რეჟიმში მიათრევს ჩვენს სამშობლოს. ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და ყველამ ერთად საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე, უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის „ოცნებამ“ მოიტანა. ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ციხეში მყოფნი და თავისუფლებაზე მყოფნი“, – განაცხადა სააკაშვილმა​.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახლა არ არის დრო ადამიანები რაიმე ნიშნით დაიყონ.

„ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას, არასოდეს დაუყენებია პროგრესის გზაზე ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე და შურისძიებაზე. გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულება და ნიჰილიზმი, 30-ში ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ. ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი, ეს სიცრუის, ბოროტების და ჩაგვრის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა, ბნელი შეიცვლება ნათელით, ბოროტს სძლევს კეთილი, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. აბა თქვენ იცით, თქვენი დიდი სიყვარულით და გამარჯვების ურყევი რწმენით“, – განაცხადა სააკაშვილმა.